ჭაობის ტორფი ელექტრომობილების ბატარეის წარმოებას გააიაფებს - ესტონელი მეცნიერების დასკვნა

საწვავი სასარგებლო წიაღისეული, ტორფი, რომელიც ჭარბი დანესტიანებისა და თითქმის უჰაერობის პირობებში ჭაობის მცენარეთა ნაშთების დაშლით წარმოიქმნება, ელექტრომობილების ბატარეების წარმოებას მნიშვნელოვნად გააიაფებს. ასეთ დასკვნამდე ესტონელი მეცნიერები მივიდნენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ესტონეთის ტარტუს უნივერსიტეტის მკვლევარები აცხადებენ, რომ ტორფი, რომელიც ჩრდილოევროპის ჭაობებში მრავლადაა, შესაძლოა, ელექტრომობილების ნატრიუმ-იონური ბატარეების იაფად შესაქმნელად იქნეს გამოყენებული. ნატრიუმ-იონური ბატარეები ძვირად ღირებულ ლითიუმს, კობალტს ან ნიკელს არ შეიცავს და ერთ-ერთი უახლესი ტექნოლოგიაა, რომლესაც ბატარეების მწარმოებლები დომინანტური ლითიუმ-იონის მოდელის ალტერნატივისთვის ეძებენ.

მეცნიერებმა ნატრიუმ-იონურ ბატარეებში ტორფის გამოყენების მეთოდს მიაკვლიეს, რაც საერთო ღირებულებას ამცირებს. თუმცა, მათი თქმით, ტექნოლოგია ჯერ ჩასახვის სტადიაზეა.

„ტორფი მეტად იაფი, სინამდვილეში კი უფასო ნედლეულია,“ - აცხადებს ქიმიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ენ ლასტი. მისი თქმით, ახალი მეთოდი მოიცავს დაშლილი ტორფის გაცხელებას ღუმელში, მაღალ ტემპერატურაზე 2-3 საათის განმავლობაში. მეცნიერი იმედოვნებს, რომ მთავრობა მცირე ზომის ქარხანას დააფინანსებს, სადაც ტექნოლოგიას გამოსცდიან.

Reuters-ის ცნობით, შოტლანდიის დისტილატორებში ვისკის არომატისთვის ტორფის ცეცხლზე ალაოს აშრობენ, ხოლო ჩრდილოეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ტორფს ქარხნებსა და ოჯახებში საწვავად, მეურნეობებში კი სასუქად იყენებენ.

როცა ტორფის მოსაპოვებლად ჭაობებს აშრობენ, ჰაერში ნახშირორჟანგი თავისუფლდება, რაც ეკოლოგიურ პრობლემას იწვევს, მაგრამ ესტონელი მეცნიერები ამბობენ, რომ ისინი ტრადიციული მეთოდით მოპოვებული დაშლილი ტორფის ნარჩენებს იყენებენ.

„ტორფის გამოყენებით შექმნილი ნატრიუმ-იონური აკუმულატორული ბატარეები დაამტკიცებენ, რომ კომერციულად სიცოცხლისუნარიანი არიან და ფრთო გამოყენების პოტენციალი აქვთ,“ - აცხადებს აკუმულატორულ ბატარეებზე გამოცემული წიგნის ავტორი და ბაზრის ანალიტიკოსი, ლუკაშ ბედნარსკი.

ივლისში ჩინური კომპანია CATL საავტომობილო ბატარეების პირველი მსხვილი მწარმოებელი გახდა, რომელმაც ნატრიუმ-იონური აკუმულატორული ბატარეა წარმოადგინა.

„ვფიქრობ, რომ CATL-ის განცხადების შემდეგ, კომპანიები სულ უფრო მეტად შეეცდებიან ნატრიუმ-იონური ბატარეის კომერციალიზაციას,“ - აცხადებს ბედნარსკი. მისი თქმით, ნაკლებად მძლავრ ნატრიუმ-იონურ ბატარეებს ალბათ, ლითიუმ-იონურ ტექნოლოგიასთან ერთად გამოიყენებენ, რაც ბატარეის პაკეტის საერთო ღირებულებას შეამცირებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ