ხორვატიაში ევროს შემოღებაზე რეფერენდუმის გამართვას მოითხოვენ

ხორვატიის კონსერვატიული პარტია, Hrvatski Suverenisti, რომელიც ევროს ზონას სკეპტიკურად უყურებს, ქვეყნის ვალუტად ევროს შემოღებას მხოლოდ რეფერენდუმის გზით მოითხოვს. ამ მიზნით ევროსკეპტიკურმა პარტიამ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

Reuters-ის ცნობით, Hrvatski Suverenisti-ის პარტიამ, რომელსაც 151-ადგილიან პარლამენტში 4 დეპუტატი ჰყავს, ელექტორატის 10%-ის ანუ, დაახლოებით, 370 000 ადამიანის ხელმოწერა ორ კვირაში უნდა შეაგროვოს.

მემარჯვენეცენტრისტულ მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ანდრე პლენკოვიჩის ხელმძღვანელობით, ევროს შემოღება 2023 წლის დასაწყისიდან სურს. პლენკოვიჩის მთავრობა იმედოვნებს, რომ ევროზონიდნ მწვანე შუქს მომავალი წლის პირველ ნახევარში მიიღებს.

პრემიერი აცხადებს, რომ ევროს შემოღება სავალუტო რისკებს მოხსნის, შეამცირებს საპროცენტო განაკვეთებს, გააუმჯობესებს ქვეყნის საკრედიტო რეიტინგს და ტურიზმით დომინირებულ ეკონომიკაში მეტ ინვესტიციას გაუხსნის გზას. თუმცა ევროსკეპტიკოსები ამტკიცებენ, რომ ეკონომიკა ძალიან სუსტი და არაკონკურენტულია იმისთვის, რომ მზად იყოს ევროს მისაღებად, რაც ფასების ზრდას გამოიწვევს.

ივლისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ევროს შემოღებას მოსახლეობის 60% ემხრობა. როგორც ცნობილია, ევროკავშირის 27 წევრიდან ერთიან სავალუტო ზონას 19 ქვეყანა იყენებს.

მთავრობა აცხადებს, რომ რეფერენდუმი საჭირო არ არის, რადგან ხორვატებმა უკვე გამოხატეს მხარდაჭერა ერთიანი ვალუტის მიმართ, როცა, დაახლოებით, 10 წლის წინათ, რეფერენდუმზე ევროკავშირში გაწევრიანებას დაუჭირეს მხარი.

ინიციატივის ორგანიზატორებს სურთ, რეფერენდუმი კონსტიტუციურ ცვლილებებზე გაიმართოს, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის, ხორვატული კუნას ევროთი ჩანაცვლება მხოლოდ მოქალაქეთა პირდაპირი კენჭისყრის შედეგად იქნება შესაძლებელი.

„ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილება რომელიმე პრემიერმა ან მთავრობამ კი არა, მოქალაქეებმა თავად უნდა მიიღონ,“ - აცხადებს ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, მარიან პავლიჩეკი.

თუ 7 ნოემბრამდე საკმარისი ხელმოწერები შეგროვდა, საკონსტიტუციო სასამართლომ შესაძლოა, დასვას საკითხი, განიხილებოდა თუ არა ევროს შემოღება ხორვატიის ევროკავშირში მიღების დროს და აქვს თუ არა სამართლებრივი საფუძველი რეფერენდუმის ინიციატივას.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ