გიორგი კვირიკაშვილი: სახელმწიფო სერიოზულ ინვესტიციებს გეგმავს მთლიანად სამცხე-ჯავახეთის მიმართულებით

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, "რიქსოსის" შემოსვლა მნიშვნელოვანია ბორჯომი-ლიკანის ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის.

როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს ლიკანში "რიქსოს-ბორჯომის" ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნის შემდეგ განუცხადა, საპარტნიორო ფონდისა და "ყაზმუნაიგაზის" ეს ერთობლივი პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი მცირე ბიზნესის, ინფრასტრუქტურის განვითარებას. "ფაქტობრივად, ხდება იმ ძველი დიდების აღდგენა, რომელიც ამ კურორტს გააჩნდა. ამას გარდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ სახელმწიფო გეგმავს ძალიან სერიოზულ ინვესტიციებს მთლიანად სამცხე-ჯავახეთის მიმართულებით. ეს არის ბაკურიანში დამატებით ორი სათხილამურო ტრასის გახსნა, იქნება ასევე ბაკურიანში ბიატლონის ტრასის გახსნა, აბასთუმნის მიმართულებით არის სერიოზული პროექტები მსოფლიო ბანკთან ერთად და მთლიანად ამ მიმართულებას ძალიან სერიოზულად მიეხედება", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილმა კომენტარი ”პანორამა თბილისთან” დაკავშრებითაც გააკეთა. მისი განცხადებით, ის მიესალმება "პანორამა თბილისის" პროექტს , რადგან ”ეს არის ძალიან კარგი ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც თბილისში შეიქმნება”.