სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო გამშვებ პუნქტ "სარფზე" არადეკლარირებული საქონლის შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. "14 იანვარს, პუნქტის ტერიტორიაზე თურქეთის მხრიდან შემოვიდა საქართველოს მოქალაქე ნ. გ., რომელსაც აღმოაჩნდა არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები - ოქროს ყელსაბამი - 31 ცალი (71,14 გრ.), ოქროს კულონი ხელოვნური თვლებით - 6 ცალი (13,45 გრ.), ოქროს კულონი - 12 ცალი (26,87გრ.). საქონლის საბაჟო ღირებულებამ 2569,75 აშშ დოლარი (4942,14 ექვივალენტი ლარში.) შეადგინა", - ნათქვამია განცხადებაში.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, კანონდარღვევის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, პირს სანქციის სახით ჯარიმა 4942,14 ლარი შეეფარდა.