დავით სერგეენკო: მეთოდოლოგიის ცვლილების გარეშე საარსებო მინიმუმის რეკალკულაცია, არარეალურ სურათს მოგვცემს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ მეთოდოლოგიის ცვლილების გარეშე საარსებო მინიმუმის რეკალკულაცია აბსოლუტურად არარეალურ სურათს მოგვცემს.

დავით სერგეენკომ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე უპასუხა კითხვას, როდის დასრულდება საარსებო მინიმუმის ახალ მეთოდოლოგიაზე მუშაობა. "გასაგებია, რომ საარსებო მინიმუმი სენსიტიური საკითხია, ამაში მონაწილეობს მრავალი ექსპერტი, რომლებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. საარსებო მინიმუმის განსაზღვრა ძალიან დინამიური და საპასუხისმგებლო საკითხია, ამიტომ ვფიქრობ, რომ მალე ის გადაზომილი იქნება დაზუსტებული მეთოდოლოგიით", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

რაც შეეხება კითხვას, რა უნდა იყოს კრიტერიუმი საარსებო მინიმუმის განსაზღვრის დროს, სერგეენკომ განაცხადა, რომ დღეს არსებული მეთოდოლოგიით გადათვლისას აღმოჩნდება, რომ საარსებო მინიმუმი დღეს უფრო დაბალია, ვიდრე იყო აქამდე, რადგან მას გამოაკლდა ჯანდაცვაში გადასახადები, ასევე მთელი რიგი პარამეტრები.  "ასე რომ, მექანიკური, არითმეტიკული გადათვლა იქნება არასწორი და რეალობასთან შეუსაბამო", - განაცხადა სერგეენკომ და აღნიშნა, რომ მეთოდოლოგიის ცვლილების გარეშე, საარსებო მინიმუმის რეკალკულაცია არარეალურ სურათს მოგვცემს.