მოვაჭრეები პროდუქტების გასაძვირებლად ემზადებიან

ლარის მორიგი გაუფასურების გამო ფასის მატება გარდაუვალი ხდება

სავაჭრო ობიექტეში პროდუქტების მორიგ გაძვირებაზე ალაპარაკდნენ. ლარის დევალვაციის გამო, სამომხმარებლო ბაზრებსა და სუპერმარკეტებში საახალწლო ფასები ჯერ კიდევ ძალაშია. მოვაჭრეები ამბობენ, რომ გაძვირებული პროდუქტი აღარ გაიაფდება, პირიქით, კურსის ვარდნა სურსათს უფრო გააძვირებს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ კურსი მთელი იანვრის განმავლობაში იმერყევებს და თებერვლიდან გამყარებას დაიწყებს. სავალუტო ცვლილებას ბაზარზე მკვეთრი გავლენა ჯერჯერობით არ მოუხდენია, მაგრამ ვაჭრობის სფეროში დაკავებული ადამიანები ამბობენ, რომ მალე ფასის გადახედვა მოუწევთ. ცვლილება, პირველ რიგში, იმპორტულ ნაწარმს შეეხება. ამ მხრივ ერთ-ერთი გამონაკლისი შეიძლება გახდეს მარცვლეული და შაქარი, რომელთა ფასი მსოფლიო ბაზრებზეც მცირდება. სამაგიეროდ, გაძვირდება ყველა ის პროდუქტი, რომელიც საერთაშორისო ფასებზე დამოკიდებული არ არის.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ქვეყანაში არ არსებობს რამე მასტიმულირებელი ფაქტორი, რამაც შეიძლება ლარის გამყარება განაპირობოს. ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ 2015 წლისთვის ლარის ახალი წონასწორობის კურსი 1.9-ის ფარგლებში შენარჩუნდება.

”ლარისა და დოლარის მასის თანაფარდობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, პრაქტიკულად, არაფერი შეცვლილა. ის ფაქტორი, რამაც პოზიტიური გავლენა უნდა მოახდიოს ლარის კურსის შენარჩუნებაზე, ჯერჯერობით არ არის. შესაბამისად, რამე მასტიმულირებელი ფაქტორი, რომ ლარის გამყარებას ხელი შეეწყოს, არ არსებობს. კურსი რამდენად შენარჩუნდება, დამოკიდებულია ხელისუფლების სხვადასხვა შტოს - ამ შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროს, ხაზინისა და ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე. ბიზნესსა და საფინანსო სფეროს ჯერჯერობით ნეგატიური მოლოდინი აქვს, ისინი ამ თვალსაზრისით პოზიტივს ვერ ხედავენ”, - აცხადებს კალანდაძე.

სამომხმარებლო ფასებს თუ გადავხედავთ, უმნიშვნელო ცვლილება ნამდვილად იგრძნობა. განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებია გაძვირებული. 1 კგ კარტოფილი, რომელიც წინა წლის ბოლოს 0,80-1 ლარის ფარგლებში იყო, 1,20 ლარამდე ღირს, 1 კგ მწვანილი 2 ლარით გაძვირდა და 10 ლარს მიაღწია, 1 კგ ხახვი 1-1,20-ის ფარგლებში იყიდება, იმპორტირებული ნივრის ფასი 3,50-4 ლარია, ხოლო კომბოსტო-  0,80 ლარს აღემატება.

რძის პროდუქტებიდან ჯერჯერობით გაძვირდა მხოლოდ სოფლის რძე. ბოლო დრომდე ყველა სავაჭრო ობიექტში ის 2 ლარად იყიდებოდა, ამ ეტაპზე კი ფასმა 50 თეთრით მოიმატა და 2,50 ლარი შეადგინა.

მოვაჭრეთა ნაწილი ამბობს, რომ საახალწლო ფასები ჯერ კიდევ შენარჩუნდა, რაზეც გარკვეული გავლენა ლარის კურსმაც მოახდინა. გლდანის სამომხმარებლო ბაზრის მოვაჭრე რიმა ცირდავას თქმით, ამგვარ ფასს იანვრის ბოლომდე შეინარჩუნებს. მგარამ ლარის კურსი თუ არ დაბალანსდება, თითქმის ყველა დასახელების სურსათი ისევ გაძვირდება.

”წესით, ამ პერიოდში საახალწლოდ გაძვირებულ პროდუქტზე ფასი დაბლა იწევს, მაგრამ ახლა განსხვავებული ტენდენციაა, რომელიც ლარის კურსს უკავშირდება. ბუნებრივია, მისი გაუფასურება სურსათის ფასზეც აისახება. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ საყოფაცხოვრებო თუ საკვებ პროდუქტს, რომელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გაიაფდა. ასეთი რამ არ მომხდარა, პირიქით, გაძვირდა კიდეც და ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება. ფასის მატება არც ერთი მოვაჭრის ინტერესში არ შედის, ამით მომხარებელს ვკარგავთ, მაგრამ სხვა გზაც აღარ გვრჩება. ქვეყანაში ყველაფერი ძვირდება. სანამ კურსი არ დაბალანსდება, მომხმარებლის სასიკეთოდ ვერაფერს შევცვლით. ამიტომაა, რომ საახალწლო მაღალი ფასი ჯერ კიდევ ძალაშია, მთავარია, კიდევ არ გაძვირდეს, გაიაფებაზე საუბარიც ზედმეტია,” - ამბობს მოვაჭრე.

სუპერმარკეტებში ვარაუდობენ, რომ გარკვეული პროდუქტის გაძვირება მოუწევთ. ”საახალწლოდ მაღაზია სრულად იყო მომარაგებული, ახლა მორიგი პარტიის შემოსატანად ვემზადებით. ვფიქრობთ, გარკვეული პროდუქტის გაძვირება მოგვიწევს. პირველ რიგში კი, ფასი უცხოურ ნაწარმზე მოიმატებს. ჯერჯერობით მიჭირს დაკონკრეტება, რა შეიძლება გაძვირდეს და რა - არა, გააჩნია დისტრიბუტორები რა ფასს შემოგვთავაზებენ. შევეცდებით, გაძვირება მყიდველისთვის ნაკლებად მტკივნეული იყოს. ფასის ნებისმიერ დონეზე ცვლილება უკმაყოფილებას ყოველთვის იწვევს, მაგრამ სხვა გამოსავალი არც ჩვენ გვაქვს”, - ამბობს ლია კასრაშვილი, გურამიშვილის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი სუპერმარკეტის მენეჯერი.

ლარის გაუფასურებამ მოსახლეობას იმედი გაუცრუა. მომხმარებლების ნაწილი ამბობს, რომ პროდუქტის ყიდვა უფრო და უფრო უჭირთ, რაც ოჯახის მარაგსაც დაეტყო. ”ლარის არასტაბილურობამ ყველა იმედი გადაგვიწურა. ნოემბრიდან მოყოლებული, ნორმალურად საკვების ყიდვასაც ვერ ვახერხებთ. ხორცი და ყველი ოჯახისთვის ფუფუნებად იქცა. კვირაში ერთხელ მაინც ვახერხებდი ამ პროდუქტების ყიდვას, მაგრამ ახლა სამ კვირაში ერთხელ ძლივს ვყიდულობ. იაფფასიანი საკვების შეძენაც გვიჭირს, ზოგჯერ ლობიოს და სოიოსაც ნახევარი კილოგრამობით ვყიდულობ. 350-ლარიანი ანაზღაურება მაქვს და როგორ შეიძლება ამ თანხის განაწილება, რომ ოთხსულიან ოჯახს ეყოს? ძლივს ვიხდი კომუნალურ გადასახადს, იძულებული გავხდი ინტერნეტი გამეუქმებინა. არ შეიძლება, მუდმივად არსებობისთვის გვიწევდეს ბრძოლა,” - ამბობს ანი გათენაშვილი, თბილისელი პედაგოგი.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”