პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, დღეს 5 პროექტი დამტკიცდა

პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, დღეს 5 პროექტი დამტკიცდა.

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში შპს "ფიგაროს" სიმბოლურ ფასად გადაეცემა ქალაქ ხობში, ქაჯაიას ქუჩაზე მდებარე 32130 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობები. კომპანია ვალდებულია ორი წლის განმავლობაში შექმნას ქონებაზე სამშენებლო მასალებისა და პლასტმასის ნაწარმის საწარმო, რისთვისაც 1 660 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ახალ საწარმოში 30-50 ადამიანი დასაქმდება. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება.

მეორე საწარმო არის ამავე პროგრამის ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში. მთავრობამ განიხილა და დაამტკიცა შპს "სი ბი სი-ს" 5 000 000 (ხუთი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი კრედიტი, რომელიც საქართველოში საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელი ლითონის კონტეინერების საწარმოს შექმნას მოხმარდება. ამ პროექტის ჭრილში ასევე შეიქმნება ცხლად მოთუთიების საწარმო, რითაც დაინტერესდებიან მოთუთიებული დეტალების შემომტანი და რეალიზატორი იმპორტიორი კომპანიები. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის წარმოება საქართველოში პირველად იქმნება. შპს ,,სი ბი სი" მიერ წარმოდგენილი გეგმის მიხედვით კომპანია საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელი ლითონის კონტეინერების (ნაგვის ურნების) წარმოებისა და მოთუთიების საწარმოს შექმნის მიზნით მოახდენს დანადგარების შეძენას. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში არ არსებობს ცხლად მოთუთიების საწარმო, კომპანიები პირდაპირ მოთუთიებულ დეტალებს ყიდულობენ, რაც ოთხჯერ ძვირი ღირს მოთუთიების გარეშე დეტალებთან შედარებით. საქართველოში მოთუთიების საწარმოს გახსნის შემთხვევაში კომპანიების მინიმუმ ორჯერ გაუიაფდებათ მოთუთიებული დეტალების ღირებულება. წარმოების დაწყება იგეგმება სესხის ათვისებიდან შვიდ თვეში.

სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში შპს "ქართული დაფნასთვის" სიმბოლურ ფასად გადაეცემა ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბზვანში მდებარე 12 351 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. კომპანია ვალდებულია ორი წლის განმავლობაში შექმნას დაფნის გადამამუშავებელი საწარმო, რისთვისაც 247 200 (ორასორმოცდაშვიდი ათას ორასი) ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ახალ საწარმოში 30-50 ადამიანი დასაქმდება. პროდუქციის ექსპორტი იგეგმება ჩინეთში, თურქეთში, კორეაში, ბულგარეთში, ვიეტნამში და პოლონეთში.

სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში შპს "აბაშის რძის ქარხანას" სიმბოლურ ფასად გადაეცემა აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნორიოში მდებარე 126 481 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. კომპანია ვალდებულია ორი წლის განმავლობაში შექმნას რძის გადამამუშავებელი და კვების (რძის) პროდუქტების საწარმო, რისთვისაც 2 529 600 (ორი მილიონ ხუთასოცდაცხრაათას ექვსასი) ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ახალ საწარმოში 150 ადამიანი დასაქმდება. პროდუქციის ექსპორტი იგეგმება რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში.

სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში შპს "რებასის" სიმბოლურ ფასად გადაეცემა ქალაქ რუსთავში, მშვიდობის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 60127 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობები. კომპანია ვალდებულია ორი წლის განმავლობაში შექმნას სამშენებლო მასალის საწარმო, რისთვისაც 1 444 136 (ერთი მილიონ ოთხასორმოცდაოთხი ათას ასოცდათექვსმეტი) ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ახალ საწარმოში მინიმუმ 10 ადამიანი დასაქმდება. პროდუქცია გაიყიდება ადგილობრივ ბაზარზე, ასევე სამომავლოდ იგეგმება ექსპორტზე გატანაც. ამასთან კომპანიის განმარტებით, ოპერირების მესამე წლიდან ექსპორტის წილი საერთო მოცულობაში იქნება 50%-ზე მეტი, ბაზალტის ინოვაციური პროდუქტი გარკვეულწილად ასევე ჩაანაცვლებს იმპორტირებული ფოლადის Ar mina-ბოჭკოს არმატურის იმპორტს.