"ნარჩენების მართვის კოდექსი" დღეიდან ძალაში შევიდა

"ნარჩენების მართვის კოდექსი" დღეიდან ძალაში შევიდა.

კანონის მიხედვით, გარემოს დაბინძურებაზე გამკაცრებული ჯარიმებისა და სანქციების შესახებ დღეს მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე გარემოს დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა ისაუბრა. კანონის მიხედვით, ჯარიმების მინიმალური ოდენობა - 50 ლარით, მაქსიმალური ოდენობა კი, 5 000 ლარით განისაზღვრება.

"ნარჩენების მართვის კოდექსი" ითვალისწინებს ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებისა და ევროპული სტანდარტების დანერგვას საქართველოში. იგი მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების თვალსაზრისითაც, რადგან მის ერთ-ერთ მთავარ მიზანს გარემოს დაცვა წამოადგენს. სიახლეა ის, რომ დგინდება მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება. კოდექსის მიხედვით, მწარმოებელი ვალდებულია, რომ ისეთი პროდუქტისაგან, რომელიც შემდგომში სპეციფიკური ნარჩენი ხდება, უზრუნველყოს თავისი პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, ტრანსპორტირება, რეციკლირება, აღდგენა და გარემოსათვის უსაფრთხო განთავსება", - განაცხადა ხოკრიშვილმა.

მისივე თქმით, პარალელურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ფართომასშტაბიან კამპანიას "ნაგვის ჩაყრა მარტივია, იზრუნე გარემოზე" ახორციელებს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიტროს ინიციატივით და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, რამდენიმე პარტნიორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ინტერაქტიული რუკა შექმნა, სადაც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დაბინძურებული ლოკაციებია მონიშნული. კამპანიაში - "ნაგვის ჩაყრა მარტივია, იზრუნე გარემოზე" - საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობისათვის ასევე ონლაინ პიარ კამპანია მიმდინარეობს.