Google, Apple, Intel და Adobe თანამშრომლებს კომპენსაციას გადაუხდიან

თუ Google-ი, Apple-ი, Intel-ი და Adobe-ი სასამართლო პროცესს ამჯერადაც წააგებენ, კომპენსაციის თანხამ შესაძლოა, 9 მილიარდსაც მიაღწიოს

საძიებო სისტემის გიგანტი Google და თანამედროვე ტექნოლოგიების ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორებიც Apple, Intel და Adobe არიან, თანხმობას აცხადებენ, 415 მილიონი დოლარის კომპენსაცია გადაიხადონ თანამშრომელთა უფლებების დარღვევისთვის. უცხოური მედიის ინფორმაციით, ოთხივე კომპანია შეთანხმდა, რომ მზად არის მათ წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით ფულადი კომპენსაცია გადაიხადოს.

2011 წელს აშშ-ის სასამართლოში ოთხი კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი 64 ათასზე მეტი თანამშრომლის სახელით შევიდა. სარჩელი 3 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციას ითვალისწინებს. Google-ის, Apple-ის, Intel-ისა და Adobe-ის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის თანახმად, ოთხივე ამერიკული გიგანტი შეთანხმდა, რომ ერთმანეთის თანამშრომლებს არ გადაიბირებდნენ. როგორც სარჩელის ავტორები აცხადებენ, ამ შეთანხმების გამო, კომპანიის თანამშრომლებს წინააღმდეგობები შეექმნათ უფრო მიმზიდველი სამუშაოს ძიებაში. კომპანიის თანამშრომლების სარჩელი ძირითადად კომპნიის ხელმძღვანელთა ელექტრონულ მიმოწერას ეყრდნობოდა.

”ბიბისის” ცნობით, როგორც ერთ-ერთ ელექტრონულ წერილშია ნათქვამი, Google-ის ყოფილმა თავკაცმა ერიკ შმიდტმა Apple-ის აწ უკვე გარდაცვლილ დამაარსებელსა და აღმასრულებელ დირექტორს სტივ ჯობსს მისწერა, რომ სამსახურს დატოვებდა Google-ის კადრების თანამშრომელი, ვინც Apple-ის თანამშრომლის გადაბირებას შეეცდებოდა. გასულ წელს ოთხივე კომპანიის ხელმძღვანელობა გამოვიდა შეთავაზებით, რომ მზად არიან, კომპენსაციის სახით 324,5 მილიონი დოლარი გადაეხადათ. თუმცა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი თხოვნა.

თუ Google-ი, Apple-ი, Intel-ი და Adobe-ი სასამართლო პროცესს ამჯერადაც წააგებენ, კომპენსაციის თანხამ შესაძლოა 9 მილიარდსაც მიაღწიოს ამერიკული ანტიმონოპოლიური კანონის გათვალისწინებით.