ტკბილეულის ”მწარე” ხარისხი

”საკონდიტრო მაღაზიის გახსნის უფლება ყველას არ უნდა ჰქონდეს“

კრემიანი ნამცხვრები, ბისკვიტები - ეს საკონდიტრო ნაწარმის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ლამის ყოველ ფეხის ნაბიჯზე გახსნილი მაღაზიები გვთავაზობენ. ცხადია, ამ ლამაზ ნუგბარს მომხმარებელთა უმრავლესობა გულგრილი ვერ ჩაუვლის. თუმცა, რამდენად უსაფრთხოა მწარმოებლების მიერ შემოთავაზებული ნაირ-ნაირი ტკბილეული და გადახდილი თანხის სანაცვლოდ ვიღებთ თუ არა შესაბამის ხარისხსს, ეს კიდევ სხვა საკითხია. დედაქალაქში ბევრი ისეთი საკონდიტროა, რომლის მიმართ მომხმარებლის ნდობას უკვე ბრენდად ქცეული სახელი განაპირობებს. თუმცა, ყველას როდი აქვს იმის ფინანსური შესაძლებლობა, რომ ტკბილეული ცნობილ საკონდიტროებში შეიძინოს.

Bpn.ge დაინტერესდა, მოწმდება თუ არა საკონდიტრო ნაწარმი, რა სახის ჯარიმაა დაწესებული არაკეთილისინდისიერი მწარმოებლებისთვის და ზოგადად რა ვითარებაა საკონდიტრო ნაწარმის ბიზნესში. სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2014 წელს 24 საკონდიტროს გეგმიური, ხოლო 20-ის არაგეგმიური ინსპექტიერება განხორციელდა. მათგან მხოლოდ ორი: შპს „სვ“ მარნეულში და შპს „იდეალი“ ხელვაჩაურში შეუსაბამო პირობების გამო დაიხურა. ბიზნესოპერატორები სხვადასხვა ოდენობის თანხით დაჯარიმდნენ. თუმცა, სააგენტოში განგვიმარტეს, რომ ორივე მეწარმემ ხარვეზი უკვე აღმოფხვრა და სააგენტომ მუშაობის უფლებაც მისცა. როგორც მოსალოდნელი იყო, თავად მწარმოებლები ამ თემაზე ღიად საუბარს ერიდებიან.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სანამ ოფიციალურ უწყებებს და ექსპერტებს დავუკავშირდებოდი, მცირე ექსპერიმენტი თავად ჩავატარე. თბილისში ცნობილი მაღაზიათა ქსელის ერთ-ერთ ფილიალში საკონდიტრო ნაწარმისთვის განკუთვნილ ადგილს მივაშურე. სხვათა შორის, პატარ-პატარა მაღაზიებისგან განსხვავებით, სუპერმარკეტებში ტკბილეულის შენახვის პირობები ბევრად დაცულია. მცირე მაღაზიებში, დახლზე მოთავსებული ნამცხვარი ყოველგვარი შეფუთვის გარეშე დევს, მაშინ, როცა სუპერმარკეტებში ასეთი სახის პროდუქტი დახლ-მაცივრებშია მოთავსებული. შემოთავაზებული ნაირ-ნაირი ნუგბარის თვალიერების შემდეგ არჩევანი ერთ-ერთზე შევაჩერე. ჩემს შეკითხვაზე, ნამცხვარი ახალია თუ არა, კონსულტანტისგან დადებით პასუხი მივიღე. პრეტენზიული კლიენტის როლის თამაში განვაგრძე და ამჯერად, ნამცხვრის შემადგენლობით დავინტერესდი და მისი უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტიც მოვიკითხე. მაღაზიის მენეჯერმა მხოლოდ ნამცხვრების შენახვის ვადების და შემადგენლობის შემცველი აღწერილობა მაჩვენა, საიმედოობის დამადასტურებელი დოკუმენტი კი არ ჰქონდათ.

„ჩვენთან ნამცხვრები ორ ინდმეწარმეს შემოაქვს. მყიდველი კმაყოფილია, ჯერ არ გვქონია შემთხვევა, რომ ვინმეს პრეტენზიით მოემართოს. საკონდიტრო შემოწმებულია თუ არა, ამის დამადასტურებელი დოკუმენტი დისტრიბუტორს არ მოუწოდებია. სიმართლე გითხრათ, თქვენ პირველი ხართ, ვინც ეს მოითხოვა,“ - მიპასუხა მენეჯერმა.

ცხადია, მყიდველების აზრითაც დავინტერესდი.

ნონა, 24 წლის:

„მე პირადად ცნობილ საკონდიტროებში ვყიდულობ ნამცხვრებს. მირჩევნია ცოტა ძვირი გადავიხადო და დარწმუნებული ვიყო, რომ ის უსაფრთხოა. თბილისში ასეთი საკონდიტრო ცოტაა, დანარჩენებს კი ალბათ არავინ ამოწმებს, ამას პირადი გამოცდილების საფუძველზე გეუბნებით. ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში ვმუშაობდი. სპეციალობით კვების ტექნოლოგი ვარ და სარეალიზაციოდ შემოსული პროდუქციის ვადებს მკაცრად ვაკონტროლებდი. მაღაზიაში რამდენიმე თვე ვიმუშავე და ამ ხნის განმავლობაში არავინ შემოსულა და ელემენტარულად ის არ შეუმოწმებიათ, ვადაგასულ პროდუქციას ვყიდდით თუ არა. ასე რომ, მომხმარებელი თითქმის მთლიანად მწარმოებლის და სავაჭრო ობიექტის კეთილსინდისიერების იმედადაა დარჩენილი”.

ლენა ჩოგოვაძე, მომხმარებელი:

„ვცდილობ ტკბილეული ისეთ მაღაზიაში ვიყიდო, რომელსაც ვენდობი და სადაც გამყიდველებს ვიცნობ, რადგან მეუბნებიან ნამცხვარი ახალია თუ არა. ცოტა ხნის წინ იძულებული გავხდი ჩემთვის უცნობ სავაჭრო ობიექტში ნამცხვარი „ნაპოლეონი“ მეყიდა და გამოვიდა, რომ ფული უვარგის პროდუქციაში გადავიხადე - ცარიელი ცომი იყო, კრემი მხოლოდ გარეთ ჰქონდა წასმული. მეორე დღეს გამყიდველს ვუსაყვედურე. გაიკვირვა, ჩვენი „ნაპოლეონი“ ყველას მოსწონს, შენ რას უწუნებო. ერთხელ ქალაქში ცნობილ საკონდიტროში დაბადების დღისთვის ტორტი „მთვრალი ალუბლები“ ვიყიდე, 50 ლარი გადავიხადე, რაც მცირე თანხა არ არის. ტორტი საკონდიტროს უკან მივუბრუნე, ფული დამიბრუნეს. თუმცა, ამით პრობლემა ხომ არ მოგვარებულა? “

bpn.ge კომენტარისთვის სურსათის უვნებლობის სააგენტოს ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, პაატა ქურდაძეს ესაუბრა.

- ჩვენი სამსახური გეგმიურ და არაგეგმიურ შემოწმებებს ახორციელებს. კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში საწარმო 1 000 ლარით ჯარიმდება და სანამ ხარვეზს არ გამოასწორებს, იქ მუშაობა შეჩერებულია. არაკრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში, საწარმოს მხოლოდ რეკომენდაცია მიეცემა. ჩვენ ასევე მომმარაგებლებსაც ვამოწმებთ. სააგენტოს მიერ შესაბამისობის ორი დოკუმენტი გაიცემა, ერთი ბიზნესოპერატორისთვის, ხოლო მეორე სააგენტოში რჩება.

- მომხმარებელს ხომ აქვს უფლება, რომ მის მიერ შეძენილი პროდუქციის შესახებ შესაბამისი დოკუმენტი მოითხოვოს. პირადად მე, ერთ-ერთ სუპერმარკეტში ასეთი დოკუმენტი ვერ წარმომიდგინეს, არ ჰქონდათ. ამით მომხმარებლის უფლებები ხომ ილახება?

- საქართველოში დაახლოებით 50 ათასამდე ბიზნესოპერატორია. ორი წლის წინ ჩვენს დეპარტამენტში11 თანამშრომელი იყო. დღეს 80 ინსპექტორია. ცოტა რთულია ამ რაოდენობის ბიზნესსუბიექტის ერთი ხელის მოსმით შემოწმება. არის პრიორიტეტები, რომ ყველაფერი შევამოწმოთ და სერთიფიკატი გავცეთ. შეიძლება ბიზნესოპერატორმა სერთიფიკატი ვერ წარმოგიდგინოს, რადგან ის შეიძლება ჯერ არ შეუმოწმებიათ. რა თქმა უნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, შესაბამისი დოკუმენტი მოითხოვოს. სააგენტოში ცხელი ხაზი მოქმედებს და საკმაოდ დიდი რაოდენობით ზარი შემოდის მომხარებლების, რომლებიც პრეტენზიას გამოთქვამენ. ამის შემდეგ ინსპექტორები შემოწმებაზე გადიან.

თუმცა, საპირისპიროზე საუბრობს ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მურად გარუჩავა. რესპოდენტის თქმით, საკონდიტრო ნაწარმის კონტროლის მხრივ, ქვეყანაში არასახარბიელო სიტუაციაა.

მურად გარუჩავა : საქართველოში მაკონტროლებელი ორგანო მოისუსტებს. საკონდიტრო მაღაზიის გახსნის უფლება ყველას არ უნდა ჰქონდეს. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ საკონდიტრო მაღაზიაში ვიყავი, რომელიც წლების წინ თბილისში განთქმული იყო როგორც ხარისხის, ასევე სანდოობის თვალსაზრისით. კრემიანი ნამცხვრები მაცივარში იყო, სხვები დახლზე, რომელსაც დოლბანდიც კი არ ეფარა. ჩემი შენიშვნა არ მიიღეს, ახლა ზამთარია, ბუზი ხომ არ არისო. სამაგიეროდ, მტვერი არის. უნდა მოწმდებოდეს თავად მომსახურე პერსონალი, რა პირობებში ამზადებენ, როგორი შენახვის პირობები აქვთ და ა.შ. ასევე, უნდა მოწმდებოდეს საკონდიტრო ნაწარმის შემადგენლობა, კარაქისგან მზადდება, შაქრისგან თუ სახარინისგან. ამის გაგების უფლება მომხმარებელს აქვს.

- როგორ ფიქრობთ, ხარისხი და ფასი ერთმანეთს შეესაბამება?

- არა და ამაშია საქმე, ესაა ჩვენი მთავარი და გადაუწყვეტელი ამოცანა. არც ერთი კვების პროდუქტის ხარისხი ფასს არ შეესაბამება. ჩემი აზრით, ურიგო არ იქნებოდა, თავად შემმოწმებლები შეგვემოწმებინა სხვა წყაროებით.

მოკლედ, საკონდიტრო ნაწარმის შეძენისას გამყიდველის კეთილსინდისიერებას უნდა ენდოთ ან თავად გამოაცხოთ. თუკი თქვენ მიერ შეძენილ ტკბილეულში რაიმე საეჭვოს შეამჩნევთ, მაშინ სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე დარეკეთ და მომხდარის შესახებ შეატყობინეთ. იმედი ვიქონიოთ, რომ პროდუქციის ხარისხის კონტროლი გამკაცრდება და საიმედო პროდუქტის შეძენა გარანტირებული იქნება.

სალომე გოგოხია