ამერიკულ კომპანიებში რობოტების რაოდენობა რეკორდულად იზრდება

ჩრდილოამერიკის კომპანიებმა მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში რობოტების რეკორდული რაოდენობა დაიმატეს, რადგან ისინი ამ პერიოდში ამწყობი ხაზებისა და მუშახელის შევსებას ჩქარობდნენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ინდუსტრიულ ჯგუფ Association for Advancing Automation-ის მონაცემებით, ქარხნებმა და სხვა სამრეწველო მომხმარებლებმა 1,48 მლრდ დოლარის 29 000 რობოტი შეუკვეთეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 37%-ით მეტია. ამ მონაცემმა წინა პიკს გადააჭარბა, რომელიც 2017 წლის პირველ ცხრა თვეში დაფიქსირდა, ვიდრე გლობალური პანდემია ეკონომიკას დაარღვევდა.

„რობოტების დამატებისკენ სწრაფვა გაზრდილი ინვესტიციების ნაწილია, რადგან კომპანიები ცდილობენ, გაუმკლავდნენ ძლიერ მოთხოვნას, რამაც ზოგიერთ სეგმენტში ძირითადი საქონლის დეფიციტი განაპირობა. ამასთან, ბევრი ფირმა პანდემიის გამო გათავისუფლებული მუშახელის დასაბრუნებლად მთელი ძალით იბრძვის. ისინი ამწყობ ხაზებზე რობოტებს ადამიანურის რესურსის ალტერნატივად განიხილავენ,“ - წერს Reuters.

ავტომატიზაციის წინსვლის ასოციაცია A3-ის პრეზიდენტი, ჯეფ ბერნშტეინი აცხადებს, რომ ბიზნესი ვეღარ პოულობს იმ ადამიანებს, რომლებიც სჭირდება, ამიტომ ავტომატიზირებული ხდება. მისი თქმით, რობოტები ეკონომიკის უფრო მეტ კუთხეში შეღწევას განაგრძობენ. ბერნშტეინის მონაცემებით, მართალია, სამრეწველო რობოტების უმეტესობას დიდი ხანია, ავტომწარმოებლები ფლობენ, მაგრამ 2020 წელს სხვა ტიპის ბიზნესის მიერ რობოტების შეძენამ ავტოსექტორის შესყიდვებს პირველად გადააჭარბა. ეს ტენდენცია მიმდინარე წელსაც გაგრძელდა. A3-ის მონაცემებით, წლის პირველ ცხრა თვეში, ავტომწარმოებლების მიერ შეკვეთილი რობოტების რაოდენეობა 20%-ით, 12,544 ერთეულამდე, ხოლო არასაავტომობილო კომპანიების შეკვეთები, 53%-ით 16,355 ერთეულამდე გაიზარდა.

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ ავტომშენებლობა ნელდება, პირიქით, წარმოება იზრდება. უბრალოდ, სხვა სექტორები, მეტალურგიიდან დაწყებული - კვების მრეწველობით დამთავრებული, კიდევ უფრო სწრაფად იზრდებიან,“ - აცხადებს ჯეფ ბერნშტეინი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ