ბერლინში ქართული ღვინის გალერეა გაიხსნა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ბერლინში, საერთაშორისო გამოფენის "მწვანე კვირეულის" მიმდინარეობის პარალელურად, ქართული ღვინის გალერეა გაიხსნა.

სამინისტროს ინფორმაციით, გალერეის გახსნის ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციაში ლადო ჭანტურია და ქართული დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ. ქართული ღვინის გალერეა კომპანია "ტიბანელმა" გახსნა, რომელიც 2008 წლიდან გერმანიაში ქართული ღვინის ექსპორტს ახორციელებს.

"გალერეაში, რომელიც ბერლინის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე Savini platz-ზე მდებარეობს, მხოლოდ ქართული დასახელების ღვინო, ჭაჭა და ბრენდი იქნება წარმოდგენილი. პირველ ეტაპზე ღვინის გალერეაში კომპანიების - "მეღვინეობა გრანელი", "ასკანელი", "ტყუპების ღვინის მარანი", "ყვარლის სარდაფი", "ალავერდის ღვინოები" - 25 დასახელების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. გალერეაში ქართველი ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაც გაიმართება", - აცხადებენ სამინისტროში.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობა უფრო მეტად მნიშვნელოვანია. მისივე განცხადებით, ქართული ღვინის გალერეის გახსნა ბერლინში სწორედ ქართული პროდუქციის მიმართ ცნობადობის გაზრდას და ინტერესის გაღრმავებას ემსახურება. ევროპის ბაზარზე ქართული ღვინო კიდევ უფრო მოთხოვნადი ხდება და ეს ფაქტიც ამის ნათელი დადასტურებაა.