ონლაინ კაზინოებისთვის გაზრდილი საგადასახადო ტვირთი უზრუნველყოფს იმას, იმ ოდენობით დანაკლისს არ მიიღებს ბიუჯეტი, რა რაოდენობითაც იქნება მსგავსი ტიპის შემცირება

ონლაინ კაზინოებისთვის გაზრდილი საგადასახადო ტვირთი უზრუნველყოფს იმას, რომ სექტორის შემცირების ფონზე, იმ ოდენობით დანაკლისს არ მიიღებს ბიუჯეტი, რა რაოდენობითაც იქნება მსგავსი ტიპის შემცირება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დაბეგვრის ახალი მექანიზმების ამოქმედება იქნება ეტაპობრივი და დაბალანსდება წლების განმავლობაში.

„ბუნებრივია, ახალი რეგულაციები სექტორში ჩართული მოთამაშეების მნიშვნელოვნად შემცირებას გამოიწვევს. მეორე მხრივ, გაზრდილი საგადასახადო ტვირთი უზრუნველყოფს იმას, რომ ის დანაკლისი, რომელიც იქნება წარმოდგენილი, მეტ-ნაკლებად დააბალანსოს. მას შემდეგ, რაც ეტაპების მიხედვით მოხდება დაბეგვრის შესაბამისი მექანიზმების უფრო მეტად ჩამოყალიბება, დანაკლისი არ იქნება ერთ რომელიმე წელზე, ეს იქნება გათვალისწინებული პერიოდზე, რომელიც დაბალანსდება წლების განმავლობაში.

საუბარი არ არის იმაზე, რომ წელს ან მომდევნო წლიდან სრულად იკრძალება ყველაფერი. ამ შემთხევაში, საუბარია იმაზე, რომ ერთი მხრივ, სექტორი მნიშვნელოვნად იზღუდება და მეორე მხრივ, იზრდება საგადასახადო ტვირთი, რაც პარალელურად გულისხმობს იმას, რომ სექტორის შემცირების ფონზე, იმ ოდენობით დანაკლისს არ მიიღებს ბიუჯეტი, რა რაოდენობითაც იქნება მსგავსი ტიპის შემცირება“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.