საქართველოში Future Agro Challenge Georgia იმართება

საქართველოში Future Agro Challenge Georgia იმართება.

Future Agro Challenge საერთაშორისო შეჯიბრია რომლის მიზანი სტარტაპების, ინოვატორების, “აგროპრენერების”, ფერმერების, მეწარმეების, აგროტექნოლოგების, აგროტურიზმითა და აგროკულტურით დაინტერესებული პირების მხარდაჭერა და გაძლიერებაა.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მხარდაჭერით საქართველოში უკვე მესამე წელია, რაც Future Agro Challenge Georgia იმართება.

ღონისძიების გენერალური პარტნიორია საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ლიბერთი ბანკი.

ღონისძიების ორგანიზატორია სტარტაპ ბიურო და აგრო სოლუშენსი. ღონისძიება 3, 4 და 5 დეკემბერს ტექნო პარკში გაიმართება.

მონაწილეობის მიღების მსურველებმა რეგისტრაცია 29 ნოემბერს 23:59 საათამდე უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე: https://facagro.com/compete-apply/

შერჩეული აპლიკანტები 3-5 დეკემბერს მონაწილეობას მიიღებენ ბუთქემფში (ინტენსიური ტრენინგ-პროგრამაში) და საკუთარ პროექტებს ჟიურის წინაშე წარადგენენ, ჰაკათონის მონაწილეებსა და ფინალისტებს შორის ნაციონალური გამარჯვებული - “წლის აგროპრენერი” გამოვლინდება.

გამარჯვებული მიიღებს ფულად ჯილდოს 2000 ლარის ოდენობით (საქართველოს ფერმერთა ასოციაციისგან) და წვდომას მსოფლიო კლასის მენტორებთან, ინვესტორებთან, პოტენციურ კლიენტებთან და ახალ საბაზრო შესაძლებლობებთან FAC Global Championship-ზე, უმთავრეს გლობალურ აგროპრენერულ სამიტზე, რომელიც ჩატარდება საბერძნეთში, 2022 წელს.

“ჩვენი დიდი სურვილია სტარტაპ ეკოსისტემაში გამოჩნდეს მეტი ახალი აგრო სტარტაპი, რომლებსაც ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით სამომავლო განვითარებასა და წარმატების მიღწევაში, მომავლის აგრო გამოწვევა ის პროექტია, რომლითაც ახალ ტალანტებს აღმოვაჩენთ ყოველწლიურად და მათ მსოფლიოს გავაცნობთ”, - ამბობს გური ქოიავა, სტარტაპ ბიუროს თანადამფუძნებელი და Future Agro Challenge Georgia-ს თანაორგანიზატორი.

“მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ მდგრადი სოფლის მეურნეობა თანამედროვე ტექნოლოგიებზე დგას. Future Agro Challenge სწორედ ის პლატფორმაა რომელიც აღმოაჩენს, თავს უყრის და აძლიერებს ახალგაზრდების მოტივაციას, რომ ინოვაციების მეშვეობით გადაჭრას მიმდინარე და სამომავლო გამოწვევები”, - ამბობს ირაკლი ჩიქავა, აგრო სოლუშენსის კომერციული დირექტორი და Future Agro Challenge Georgia-ს თანაორგანიზატორი.

წინა წლებისგან განსხვავებით წლევანდელი Future Agro Challenge-ში მონაწილეობას მიიღებენ სპიკერები, რომლებიც ევროპის უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლები არიან და ონლაინ რეჟიმში ისაუბრებენ მსოფლიოს ყველაზე მწვავე საფრთხეებზე, გამოწვევებზე და ტექნოლოგიურ ინოვაციებზე შემდეგი მიმართულებებით:

  • ფერმის პროგრამული მენეჯმენტი და მისი პრაქტიკული გამოყენება სოფლის მეურნეობაში
  • - სენსორები და მათი მნიშვნელობა სოფლის მეურნეობაში
  • - წყლის და მიწის რესურსები: მათი დეფიციტი და თანამედროვე გამოსავლის გზები მათი ოპტიმალური მოხმარებისთვის
  • - ურბანული მეურნეობა - საკვების წარმოების ახალი გზა?
  • - წყლის და მიწის რესურსები: მათი დეფიციტი და თანამედროვე გამოსავლის გზები მათი ოპტიმალური მოხმარებისთვის
  • - საკვები დანაკარგი და მოსავლის აღების ტექნოლოგიები

Future Agro Challenge Georgia შემდეგ კატეგორიებში გაიმართება:

  • კვების ტექნოლოგია
  • აგრო ტექნოლოგიები (ზუსტი სოფლის მეურნეობა, რობოტიკა, დრონები)
  • აგრომეტყევეობა
  • საკვები/სასმელი (პროდუქცია/რითეილი)
  • კვების უსაფრთხოება/მდგრადობა
  • საკვები ნარჩენები
  • კვება და ჯანმრთელობა
  • უსაფრთხოება და ჯანმრთელობა
  • შეფუთვა და ლოჯისტიკა
  • განათლება სოფლის მეურნეობის მიმართულებით
  • აგროტურიზმი
  • სოფლის მეურნეობის გამოშვება & დამუშავება