ტურისტული სარეკლამო ბიზნესი სწრაფად იზრდება

გლობალური ტურისტული სარეკლამო ბიზნესი სწრაფად მზარდია, რადგან პრობლემური 2020 წლის შემდეგ, ბრენდები მომხმარებლებთან ურთიერთობას უკვე აღადგენენ. ამის შესახებ Zenith Business Intelligence-Travel-ის ანგარიშში წერია.

ანალიტიკოსების პროგნოზით, 13 ძირითად ბაზარზე ტურისტული რეკლამა წელს 24%-ით გაიზრდება, რაც მთლიან სარეკლამო ბაზართან შედარებით,ორჯერ მეტია. ეს სეგმენტი მომავალ წელს 36%-მდე, ხოლო 2023 წელს 19%-მდე გაიზრდება.

ტურისტულმა სარეკლამო ბიზნესმა 2020 წელს შემოსავლის, თითქმის, ნახევარი (46%) დაკარგა, მაშინ, როცა მთლიანობაში სარეკლამო ბაზარი მხოლოდ 4%-ით შემცირდა. Zenith-ის შეფასებით, გლობალური სარეკლამო ხარჯები ამ სეგმენტში 2019 წლის 18 მლრდ დოლარიდან 2020 წელს 9,7 მლრდ დოლარამდე შემცირდა.

„მოგზაურობებზე თავშეკავებული მოთხოვნა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ტურისტული ხარჯების სწრაფ ზრდას გამოიწვევს. თუმცა ეს შორი გზა იქნება პანდემიამდელ დანახარჯებამდე მისაღწევად," - ნათქვამია მოხსენებაში.

წელს ტურისტული სარეკლამო ხარჯები 2019 წლის მაჩვენებელზე 33%-ით ნაკლები იქნება, ხოლო მთლიანი სარეკლამო ბაზარი კრიზისამდელ დონეს 7%-ით გადააჭარბებს. ასეთი ვითარება 2023 წლამდე გაგრძელდება, როცა სამოგზაურო ხარჯები 2019 წლის დონეს გადააჭარბებს და 19,6 მლრდ დოლარს მიაღწევს.

ტურისტული სარეკლამო ბიზნესი ყველაზე სწრაფად ინდოეთსა და რუსეთში გაიზრდება, სადაც 2023 წელს ამ სეგმენტზე დანახარჯები 31%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით, 21%-ით მოიმატებს. იგივე იქნება ჩინეთსა და პოლონეთში, სადაც სარეკლამო ხარჯები 2019-დან 2023 წლამდე ჩინეთში 16%-ით, პოლონეთში კი 14%-ით გაიზრდება.

აშშ-ში მდგრადი ტურისტული სარეკლამო ბაზრის ზრდის მთავარი მიზეზი მედიაზე საშუალო ფასების ზრდა იქნება. სეგმენტი 2023 წლისთვის 13%-ით გაიზრდება. სხვა მომწიფებულ ბაზრებზე ზრდა იმავე პერიოდისთვის პლიუს 9%-დან მინუს 9%-მდე დაფიქსირდება, რაც მომხმარებელთა მოთხოვნებზე, ინფლაციაზე, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვასა და სხვა მრავალ მიზეზზე იქნება დამოკიდებული. თუმცა 2020 წლის ვარდნის შემდეგ, ყველა ბაზარზე ტურისტული რეკლამის აღდგენა სარეკლამო ბაზრის მთლიან ზრდას მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

„მომხმარებლებთან ემოციური კავშირის შექმნაში მნიშვნელოვან როლს ონლაინ ვიდეოს ფორმატი შეასრულებს,“ - აცხადებს Zenith-ის პროგნოზირების განყოფილების ხელმძღვანელი, ჯონათან ბარნარდი.

ციფრულ რეკლამაზე ტურისტული რეკლამის განმთავსებლები უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე ბრენდები. მაგალითად, ციფრულ ტურისტულ რეკლამებზე 2020 წელს მთლიანი ბიუჯეტის 63%, ბრენდების ციფრულ რეკლამებზე კი 58% დაიხარჯა. Zenith-ის პროგნოზით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ტურისტული ბრენდებისთვის ონლაინ სარეკლამო ხარჯები 6%-ით გაიზრდება და 2023 წლისთვის ამ სეგმენტის ღირებულება კომპანიების მთლიანი მარკეტინგული ბიუჯეტის 70%-ს შეადგენს.

ტურისტული რეკლამის განმთავსებლები თავიანთი ბიუჯეტიდან გაზეთებზე, ჟურნალებსა და გარე რეკლამებზეც უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე ჩვეულებრივი ბრენდები. მაგალითად, 2020 წელს ასეთი ხარჯი მთლიანი ბიუჯეტის 20%-ს შეადგენდა მაშინ, როცა ჩვეულებრივი ბრენდის ხარჯი სულ 13% იყო. რაც შეეხება ტელევიზიას, აქ პირიქითაა და ტურისტული სეგმენტი მთლიანი ბიუჯეტის 13%-ს, ხოლო ჩვეულებრივი ბრენდები, საშუალოდ, 24%-ს ხარჯავენ.

თუმცა ბეჭდვითი სარეკლამო ხარჯები იკლებს, რადგან ბეჭდვითი ტირაჟები, ზოგადად, მცირდება, მაგრამ პარალელურად იზრდება გარე რეკლამა, რომელიც 2023 წლამდე, საშუალოდ, 6%-ით გაიზრდება.

კვლევა 13 ბაზარზე, ავსტრალიაში, კანადაში, ჩინეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ინდოეთში, იტალიაში, პოლონეთში, რუსეთში, ესპანეთში, შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში ჩატარდა, რაც გლობალური სარეკლამო ხარჯების 74%-ს შეადგენს. ანგარიში როგორც საქმიან, ისე დასასვენებელ შიდა და საერთაშორისო ტურიზმს მოიცავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ