მოლდოვაში აზარტული თამაშებისა და ლატარიის რეკლამირება აიკრძალა

მოლდოვაში აზარტული თამაშების, მათ შორის, ლატარიისა და სპორტული ფსონების რეკლამირება აიკრძალა. ქვეყნის პარლამენტმა შესაბამისი პროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა. ინფორმაციას NewsMaker ავრცელებს.

ცვლილებები ნებისმიერი აზარტული თამაშის პირდაპირი და ირიბი რეკლამირების აკრძალვას გულისხმობს. ეს რეკლამები ტელევიზიაში, რადიოში, ინტერნეტში, კინოთეატრებსა და ვიდეო სერვისებზე, ასევე, ტრანსპორტში, მაღაზიებსა და საფოსტო სერვისების საშუალებებზე ვეღარ განთავსდება. ამასთან, აზარტული თამაშების კომპანიებს სპონსორობა და საქველმოქმედო საქმიანობა აეკრძალებათ.

კანონპროექტი პარლამენტში „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ“ წარადგინა. მისი მიზანი არის აზარტული თამაშების მიმზიდველობის შემცირება და მასზე დამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლა.

პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ „აზარტული თამაშების ინდუსტრია სახელმწიფო მონოპოლიით არის წარმოდგენილი, მიმზიდველობისა და დამოკიდებულების ჩვევებს ხელს უწყობს და უხვად დაფინანსებულ, აგრესიულ მარკეტინგულ-სარეკლამო კამპანიას ატარებს.“

ამჟამად მოლდოვაში სათამაშო აპარატებისა და კაზინოების რეკლამირება აკრძალულია. ერთადერთი კომპანია, რომელსაც ახალი აკრძალვები შეეხება, არის სახელმწიფოს პარტნიორი NGM Company-ის Loteria Nationala Moldovei.

NGM Company-ის ხელმძღვანელი, პლამენ მილანოვი კანონპროექტს ეწინააღმდეგებოდა და ამტკიცებდა, რომ ლატარეა დამოკიდებულებას არ იწვევს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ