„დიდი კაპიტალის გამო, არიან ადამიანები, რომლებიც კბილებით დაიცავენ ამ ბიზნესს“ – “დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ ახალ კანონპროექტზე

მთავრობა სათამაშო ბიზნესს ახალ რეგულაციებს უწესებს. რეგულაციები მისაღებია ორგანიზაცია ,,დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ დამფუძნებლისთვის.

რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ თამარ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ახალი კანონპროექტი 2018 წელს ფინანსთა სამინისტროს შექმნილი კანონის პრაქტიკული ანალოგია. მისი გატარება კი, საზოგადოების ნაწილის და ბიზნეს სექტორის წინააღმდეგობის მიუხედავად, აუცილებელია.

„დღევანდელი კანონპროექტის ფაქტობრივი ანალოგია კანონი, რომლიც 2018 წელს იყო მომზადებული, როცა მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრი იყო, ხოლო ლაშა ხუციშვილი მოადგილე. მათი მხარდაჭერაც იყო და სამთავრობო ჯგუფის ფარგლებში ერთად ვმუშაობდით. სწორედ აქ ჩამოყალიბდა 25 წლამდე ასაკობრივი ზღვრის აწევის აუცილებლობაზე აზრი. ეს იყო, ჩვენი ძალიან კვალიფიციური და გამოცდილი ფსიქოლოგების და ფსიქიატრების მოთხოვნა, რომლებიც ჩართული იყვნენ მუშა ჯგუფში. ჩვენი ჩატარებული კვლევების შედეგად 2018 წელს ყოველი ათასი გამოკითხულიდან 356 მუშაობდა დატვირთული გრაფიკით. ესეც იყო არგუმენტი 25 წლამდე ცენზის აწევის, ეკონომიკური და სოციალური ფონი. ახალგაზრდებს რომ არ გაუჩნდეთ მოტივი იაფი ფულის შოვნის.

განრიდების სიაც ზუსტად იგივეა, რაც პირვანდელ პროექტში, საჯარო მოხელეები, არასრულწლოვნები, სოც-დაუცველები და ასევე, ოჯახის წევრი მოთხოვნით ლუდომანები. აქცენტი საჯარო მოხელეებზე აუცილებია. ალბათ, ყველას გახსოვთ, ზოგმა პორშე მოიგო და არ ჰქონია ამაზე არავის რეაგირება. დედების ორგანიზაცია იყო მაშინაც, რომელმაც პრემიერს მიმართა წერილით, რომ ის ვალდებულია, მთავრობის სხდომაზე მოიწვია და განაჩენი გამოეტანა რამდენად შეიძლება ეს იყოს ნორმა.

ეს ბიზნესი უდიდესი კაპიტალითაა წარმოდგენილი ჩვენთან და მარტივი არ არის, მისი რეგულაციებში მოქცევა. მიჩვეულები არიან ბიზნეს ოპერატორები სრულად თავისუფალ სამოქმედო არეალს. თავიდან, ძალიან გაუჭირდებათ ახალ რეალობაზე გადაწყობა, მათაც და საზოგადოების ნაწილსაც. დიდი კაპიტალის გამო, არიან ადამიანები, რომლებიც კბილებით დაიცავენ ამ ბიზნესს, მაგრამ ნებისმიერი რეგულაცია, ყველა ქვეყანაში მტკივნეულია, მაგრამ აუცილებელი. ეს მულტიდისციპლინური ბიზნესია და ამიტომ, ეტაპებად უნდა მოხდეს რეგულირება.

სახმელეთო სამორინეები როგორ დარჩება, ესეც მნიშვნელოვანია. თუ ძველ კანონპროექტს ჩახედავს მთავრობა, იქ ჩადებულია, რომ ეტაპობრივად დაიწყოს მზადება, სახმელეთო კაზინოების ქალაქის პერიმეტრიდან გასატანად“- განაცხადა თამარ ჯაფარიძემ ,,საქმეში“.

შეგახსენებთ, კანონპროექტის თანახმად, იგეგმება ერთიანი ასაკობრივი ზღვარის შემოღება, რომელიც არის 25 წელი. ის გავრცელდება როგორც ონლაინ სათამაშო ოპერატორებზე, ასევე ე.წ. ხმელეთის სათამაშო ოპერატორებზე. სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა შეზღუდული ექნებათ სოციალურად დაუცველ პირებს,საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმით, ასევე გათვალისწინებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით ოჯახის წევრის მიმართვის შემთხვევაში, აღნიშნულ სიაში მოხვდნენ დამატებითი პირები. ჯამში, საქართველოს ერთ მილიონამდე სრულწლოვან მოქალაქეს შეეზღუდება სათამაშო ბიზნესში მონაწილეობის მიღება, როგორც მომხმარებელს.

ასევე, სათამაშო ბიზნესს სრულად შეეზღუდება სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება.

თამარ მუკბანიანი