Myway Airlines შესაძლოა, ფრენის უფლება გაუუქმონ - „ავიაკომპანიის გაჩერება მიუღებელია“

საქართველოს მთავრობა ავიაკომპანია Myway Airlines-ისთვის კომერციული ფრენის ლიცენზიის გაუქმებას გეგმავს. ეს კი ავიაკომპანიის გაჩერებას გულისხმობს.

screenshot-2-1638692871.jpg

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დოკუმენტის დრაფტში, რომელიც ჯერჯერობით ძალაში არ შესულა, საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კანონმდებლობით მოქმედი პირობაა, რაც იმას გულისხმობს, რომ საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიაში წილის მინიმუმ 51%-ი საქართველოს მოქალაქეს უნდა ეკუთვნოდეს. ცნობისათვის, დრაფტი მხოლოდ მას შემდეგ ამოქმედდება, რაც ავიაკომპანია Myway Airlines-ის წარმომადგენლებს გადაეცემა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანებაში, რომელიც 30 ნოემბერს არის გამოცემული, აღნიშნულია, რომ შპს „მაივეი ეარლაინს კო. ლტდ“-ს 100-პროცენტიან წილს შპს ფლას ავიეიშენ ინვესტმენტი ფლობს. ამ კომპანიაში 2021 წლის 19 აგვისტოს ამონაწერის მიხედვით, რატი ბაკურაძე წილის მხოლოდ 11% ფლობდა, ჭენგლიანგ ლიუ კი 89 პროცენტს.

„სააგენტოს მიერ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისთანავე, 2021 წლის 1 სექტემბერს, შპს „ფლას ავიეიშენ ინვესთმენთ კო. ლტდ“-ში კვლავ მოხდა წილების გასხვისება იმგვარად, რომ კომპანიის სამართავი წილების 51% საქართველოს მოქალაქის (რ. ბაკურაძე) მფლობელობაში მოექცა“, - აღნიშნულია დოკუმენტში

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ წილები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოიყვანა, სააგენტომ ეს არასაკმარისად ჩათვალა. დოკუმენტში წერია, რომ „ხსენებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სააგენტოს მიერ გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომებზე, ავიაკომპანია შპს „მაივეი ეარლაინს კო. ლტდ“-ს წარმომადგენლებისა და შპს „ფლას ავიეიშენ ინვესთმენთ კო. ლტდ“-ს მოქმედ პარტნიორთა მიერ წარმოდგენილ იქნა ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია 19 აგვისტოსა და 1 სექტემბრის ტრანზაქციების განხორციელების მიზეზებთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია ბრძანებაში.

შესაბამისად, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, Myway Airlines უუქმდება ლიცენზია, ის კი ძალაში მხოლოდ მეორე მხარისთვის ბრძანების გადაცემის შემდეგ ამოქმედდება. „ბრძანება შესაძლოა გასაჩივრდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე და 178-ე მუხლების შესაბამისად, მისი მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში“, - აღნიშნულია ბრძანებაში.

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ექსპერტმა სატრანსპორტო საკითხებში, “სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ის თავმჯდომარემ ვასო ურუშაძემ განაცხადა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტმა მყისიერი რეაგირება უნდა მოახდინოს და მთავრობის ეკონომიკური გუნდი საკანონმდებლო ორგანოში დაიბაროს.

„წარმოუდგენელია, ამჟამად ქვეყანაში და მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით კი იმ სირთულეების გათვალსწინებით, რაც ავიაციის ბაზარზეა, მთავრობა ბიუროკრატიული, პროცედურული, უმნიშვნელო დარღვევების ბრალდებით ეროვნულ ავიაკომპანიას ექსპლუატაციის უფლებას უზღუდავდეს. ავიაკომპანიისთვის ექსპლუატანტის სერთიფიკატის გაუქმება ნიშნავს, მის პარალიზებას, კომერციული ფრენების შეზღუდვას, ვალდებულებების შეუსრულებლობას და შედეგად გაკოტრებას, მაშინ როცა ის მეორე კატეგორიის ეროვნული საწარმოა, ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი და სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადის გადამხდელი.

მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ფონზე, როცა ქვეყანა 100 000 სულ მოსახლეზე მსოფლიოში სიკვდილიანობით ერთერთი პირველია, გვაქვს ეკონომიკური კრიზისი, მაღალი ინფლაცია, სამუშაო ადგილების დეფიციტი. ეროვნულ ავიაკომპანიებს მგზავრთა გადაყვანაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შეუმცირდათ, მიუხედავად ამისა, ისინი ინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს, იხდიან სახელმწიფო გადასახადებს და ამ გარემოების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მარეგულირებელი ორგანოს სადამსჯელო მოქმედებები რათქმაუნდა მიუღებელია. მაშინ როცა დარღვევა, რაზეც აპელირებს ავიაციის მარეგულირებელი ორგანო, არ უქმნის საფრთხეს მგზავრთა უსაფრთხოებას და არ უკავშირდება ავიაკომპანიის უსაფრთხო ექსპლუატაციის საკითხებს. პროცედურული დარღვევების შემთხვევაში, ავიაკომპანიას ფრენის უფლების შეჩერების გარეშე უნდა ჰქონდეს გონივრულ ვადაში ხარვეზის გამოსწორების უფლება. აღნიშნული, სახელმწიფოს გაცხადებული ეკონომიკური პოლიტიკის ხედვიდან გამომდინარე, პირველ რიგში თავად მთავრობის ინტერესს უნდა წარმოადგენდეს.

საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიაში გახდეს რეგიონული ლიდერი, რასაც სჭირდება ხელისუფლების მხრიდან კერძო სექტორის მხარდაჭერა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, თუმცა სამწუხაროდ საპირისპირო მაგალითებს ვხედავთ - ავიაკომპანია Myway Airlines-ის შემთხვევა ამის ნათელი დადასტურებაა.

ამ მძიმე გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელია მთავრობის ეკონომიკური გუნდი. ამ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტმა მყისიერი რეაგირება უნდა მოახდინოს და მთავრობის ეკონომიკური გუნდი საკანონმდებლო ორგანოში დაიბაროს, რასაც ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ“, - აღნიშნა ვასო ურუშაძემ.