რა ღირს ფული საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უკანასკნელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პპ-ით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ქვეყანაში 10.5 პროცენტს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის დასაწყისში რეფინანსირების სესხების საპროცენტო განაკვეთი საქართველოში 9%-ს შეადგენდა, თუმცა ინფლაციური წნეხის მატების ფონზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაიზარდა და შესაბამისად 10.5%-ს შეადგენს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ქვეყანაში ასეთი ძვირი ფულის პოლიტიკა არ გატარებულა.

რაც შეეხება სამეზობლოს სხვა ქვეყნებს, თურქეთში 2020 წლის იანვარში რეფინანსირების სესხების განაკვეთი 12%-დან 11.25%-მდე შემცირდა. თუმცა გაზრდილი ინფლაციისა და ლირის გაუფასურების შემდეგ საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა. უკანასკნელი მონაცემებით, თურქეთში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 15%-ს შეადგენს. აქვე იკვეთება ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც, უფრო კონკრეტულად, ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ თურქეთში 21.31% შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში ინფლაცია მაღალია, უკანასკნელი თვეების განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მცირდება. მაგალითად, სექტემბერში რეფინანსირების სესხების საპროცენტო განაკვეთი 19%-დან 18%-მდე შემცირდა, შემცირების ტენდეცია გაგრძელდა ოქტომბერშიც და საპროცენტო განაკვეთი 16%-მდე ჩამოვიდა, ხოლო ნოემბერში ეს მაჩვენებელი 15%-მდე შემცირდა.

თურქეთის მსგავსად 2020 წლის დასაწყისში აზერბაიჯანმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შეამცირა, კერძოდ, 7,5%-დან 7.25%-მდე. შემცირების ტენდეცია 2021 წელსაც გაგრძელდა და არსებული მონაცემებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთ 7%-ია. უნდა აღინიშნოს, რომ უშუალოდ 2021 წელს განაკვეთი 6%-დან 7%-მდე გაიზარდა, მაგრამ 2020 წლიდან დღემდე შემცირების ტენდეცია აშკარაა.

რაც შეეხება სომხეთს, აქ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ზრდის ტენდენციით ხასიათდება, კერძოდ, 2020 წლის მარტში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა საპროცენტო განაკვეთი 5.5%-დან 5.25%-მდე შეამცირა. უკვე მიმდინარე წელს ინფლაციის წნეხის გაზრდის ფონზე სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაამკაცრა და არსებული მდგომარეობით 7.25%-ს შეადგენს.

2020 წლის დასაწყისში რუსეთში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.25%-ს შეადგენდა. მიმდინარე წელს მსგავსად რეგიონის სხვა ქვეყნებისა, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმაც პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად რეფინანსირების განაკვეთი არსებული მდგომარეობით 7.5%-ს შეადგენს.

როგორც მონაცემებიდან ჩანს, თურქეთის შემდეგ ყველაზე მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას რეგიონში საქართველო ატარებს.

ნოდარ სირბილაძე