"ლიტვური კომპანიები საქართველოში ბიზნესის წარმოებისთვის მზად არიან"

ლიტვური კომპანიები მზად არიან საქართველოში ბიზნესის წარმოებისთვის, - ამის შესახებ ქართველ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ლიტვის პრემიერ-მინისტრმა ალგირდას ბუტკევიჩიუსმა განაცხადა.

მისი თქმით, ხვალ ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერება ეკონომიკურ თანამშრომლობას და ეს დოკუმენტი ორმხრივ თანამშრომლობას განავითარებს. "მინდა ბიძგი მივცე ჩვენს ბიზნეს-თანამშრომლობას. ჩვენ ხვალ ხელს მოვაწერთ ეკონომიკურ თანამშრომლობას და დარწმუნებული ვარ, ეს დოკუმენტი ძალიან სერიოზულ წვლილს შეიტანს ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაში. სამთავრობოთაშორისი კომისია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომ განვიხილოთ ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. მე ჩამოვიყვანე ძალიან დიდი დელეგაცია ლიტველი ბიზნესმენების. ჩვენი კომპანიები მზად არიან აწარმოონ ბიზნესი საქართველოში, ქართულ კომპანიებთან ერთად", - განაცხადა ბუტკევიჩიუსმა.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დროს მან დაადასტურა ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. "საქართველოსთან გვაერთიანებს საერთო ღირებულებები, ორმხრივი და გლობალური მნიშვნელობის საკითხები და ძლიერი კავშირები ჩვენ ხალხებს შორის. მე მადლიერი ვარ ბრწყინვალე და დატვირთული პროგრამისთვის ამ ვიზიტის პერიოდში. მინდა გამოვხატო ჩემი სოლიდარობა საქართველოს მიმართ", - განაცხადა ლიტვის პრემიერ-მინისტრმა.