ნოდარ ხადური იმედოვნებს, რომ ლარის კურსი დასტაბილურდება

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური იმედოვნებს, რომ ლარის კურსი დასტაბილურდება.

როგორც ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამის თაობაზე განცხადება ეკონომიკის მინისტრმაც გააკეთა. "ერთი ცალსახაა, რომ დოლარი გამყარდა და გამყარდა მსოფლიოს ყველა ვალუტის მიმართ. თქვენ იცით, რომ ისტორიულ მინიმუმზეა დასული ევროს გაცვლითი კურსი. რაც შეეხება ლარს, ის გამყარებულია მსოფლიოს ძალიან ბევრი ვალუტის, მათ შორის ევროს, ბრიტანული სტერლინგის და სხვა ვალუტების მიმართ. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ და ეროვნული ბანკი ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ, ვმუშაობთ, ინფორმაციის გაცვლა გვაქვს. ეკონომიკური გუნდი მუშაობს იმისათვის, რათა ეს რყევები დასრულდეს და ლარი დასტაბილურდეს", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. დოლართან მიმართებაში საქართველოს ეროვნული ვალუტა მცირედით ისევ გაუფასურდა. დღეიდან 1 დოლარის ოფიციალური ფასი 1,9962 ლარი იქნება. ეროვნული ბანკის მიერ 24 იანვარს დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 1.9935 ლარს შეადგენდა.