გიორგი კვირიკაშვილი: საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის მოდელებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება

ფისკალური სტიმულირებით და კერძო და საჯარო სექტორის სწორი პარტნიორობის მოდელებით შეგვიძლია დავაბალანსოთ უარყოფითი საგარეო ეფექტები.

ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. კვირიკაშვილი გამოეხმაურა პრემიერს, რომელმაც საგარეო გამოწვევების ფონზე მთავრობას მეტი კოორდინაციისკენ მოუწოდა. "ნამდვილად ამ პირობებში, როდესაც გვაქვს საგარეო კუთხით არასახარბიელო ეკონომიკური სიტუაცია, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის მოდელებს. ძალიან მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია. ფისკალური სტიმულირებით და სწორი საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობის მოდელებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია დავაბალანსოთ ის საგარეო უარყოფითი ეფექტები, რომელიც გვაქვს და სახეზეა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმ ნეგატიური პროცესების შესახებ ისაუბრა, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს და მთავრობის წევრებს მეტი მობილიზებისკენ მოუწოდა. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკურ გუნდს მიმართა, რომ ყოველი თვის დასაწყისში მთავრობის სხდომაზე წარმოადგინონ ანგარიში იმის თაობაზე, თუ როგორ სრულდება ბიუჯეტი. "ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ყოველი თვის ბოლოს, მაგრამ მე მინდა, რომ კიდევ ერთხელ ეს საკითხი დავაფიქსიროთ, ვიცი, რომ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით შექმნილია სამუშაო ჯგუფები, თვითონ გადიხართ ხარჯვით ნაწილს, ყველგან ეფექტურად უნდა დავხარჯოთ და დიდი მობილიზება უნდა მოვახდინოთ ჩვენი სამინისტროების. ეს წელი არ იქნება მაინცდამაინც დალხენილი წელი, გამომდინარე იქედან, რომ მსოფლიოში გარკვეული ნეგატიური პროცესები მიმდინარეობს. ამიტომ ჩვენ კიდევ უფრო გაათმაგებული მობილიზებით უნდა შევხვდეთ ამ გამოწვევებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.