Bentley-იმ 2021 წელს გაყიდვების რეკორდი დაამყარა

გასული წელი ავტომწარმოებელთა უმრავლესობისთვის მარტივი ნამდვილად არ იყო: დეტალების უკმარისობა, საწარმოების გაჩერება და ლოგისტიკური პრობლემები კომპანიების გაყიდვებზე და შემოსავლებზე ნეგატირუად აისახა, თუმცა ცალკეულმა ბრენდებმა არათუ წლის “პლიუსით“ დასრულება მოახერხეს, არამედ საკუთარი რეკორდები გააუმჯობესეს. ასეთებს შორისაა Bentley, რომლისთვისაც გაყიდვების კუთხით, 2021 წელი ისტორიულად რეკორდული გამოდგა. კომპანიამ გასულ წელს 14 659 ავტომობილის რეალიზება შეძლო, რაც 31%-ით მეტია 2020 წლის მაჩვენებელზე.

აღსანიშნავია, რომ აქამდე Bentley-ისთვის რეკორდული იყო 2020 წელი, როცა 11,206 ავტომობილის რეალიზება შეძლო.

მოდელების კუთხით, სტატისტიკურ დეტალებს კომპანია არ ასაჯაროვებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ბრენდისთვის ნამდვილი ბესტსელერი იყო უგზოობის მოდელი Bentayga - მასზე გაყიდვების 40% მოვიდა. საკმაოდ კარგი მაჩვენებელი ჰქონდა Continental GT-საც, რომელზეც მოდის გაყიდვების 33%, აქედან 60% კუპე, 40% კი კაბრიოლეტია. ფლაგმან Flying Spur-ზე კი გაყიდვების 27% მოვიდა.

რაც შეეხება ბაზრებს, კომპანიამ ყველაზე მეტი ავტომობილის რეალიზება შეძლო ამერიკის ორივე კონტინენტზე, სადაც 4212 ავტომობილი გაყიდა, მეორეზეა ჩინეთი 4033-ით, მესამეზე კი ევროპა - 2520. შემდეგ მოდის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი 1651-ით, სამშობლო ბრიტანეთი 1328 და ახლო აღმოსავლეთი 915 გაყიდული ავტომობილით.

კოკა კვირკველია