170-დან ბაზარზე მხოლოდ 40 გასართობი ცენტრი დარჩა - „ხვალინდელი დღის იმედი აღარ გვაქვს“

არსებობს მოლოდინი, რომ საბავშვო გასართობ ცენტრ „მინიონების“ მსგავსად სხვა ცენტრებიც დაიხურება,“- ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსთან" გასართობი ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელმა, გიორგი მთიულიშვილმა განაცხადა.

მთიულიშვილი ამბობს, რომ გაურესებული ეპიდვითარების ფონზე, სექტორი უკვე დიდი ხანია რთულ მდგომარეობაშია, ამიტომ შესაძლოა, ბაზარზე დარჩენილი სხვა ცენტრებიც დაიხუროს.

„საბავშვო გასართობ ცენტრი „მინიონები“ და სხვა ბევრი ცენტრი უკვე დაიხურა. 170-დან ბაზარზე მხოლოდ 40 გასართობი ცენტრი დარჩა. ეს პირველ რიგში პანდემიითა გამოწვეული, შემდეგ კი პერსონალის წასვლით, შესაბამისად, მოლოდინი არსებობს, რომ ცენტრები კიდევ დაიხურება“, - განაცხადა მთიულიშვილმა.

გასართობი ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მისი პროგნოზი მწვანე კოვიდ პასპორტებთან დაკავშირებით გამართლდა და რეგულაციამ სექტორი კიდევ უფრო დააზარალა.

„ის პროგნოზი, რაც გვქონდა „მწვანე პასპორტებთან“ დაკავშირებით გამართლდა და ამან ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა ჩვენს ბიზნესს. ხვალინდელი დღის იმედი აღარ გვაქვს.

რეალურად ამ რეგულაციამ მოთხოვნა ძალიან შეამცირა, მშობლების დიდ ნაწილს კოვიდ ბარათები არ აქვთ, შესაბამისად, ბავშვები არ მოჰყავთ ცენტრში. როგორც ვთქვი, როცა ქვეყანაში 30% აცრილია, ამ დროს მსგავსი რეგულაციის დაწესება არასწორი ნაბიჯი იყო“, - ამბობს მთიულიშვილი.

ქრისტინე კაპანაძე