Ford-ის საბაზრო ღირებულებამ 100 მლრდ დოლარს გადააჭარბა

Ford Motor-ის საბაზრო ღირებულებამ, ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, 100 მლრდ დოლარს პირველად გადააჭარბა. Reuters-ის შეფასებით, დეტროიტში ბაზირებული ავტომწარმოებლის ელექტრიფიკაციის სტრატეგიაზე ფსონს სულ უფრო მეტი ინვესტორი დებს.

კომპანიის აქციები, რომელთა ღირებულება გასულ წელს გაორმაგდა, 3.7%-ით გაიზარდა და ოცწლიან მაქსიმუმს მიაღწია. ახლა Ford უფრო მეტი ღირს, ვიდრე მისი საუკუნოვანი კონკურენტი, General Motors, რომლის საბაზრო კაპიტალი, დაახლოებით, 88,61 მლრდ დოლარს შეადგენს. Ford-მა, ასევე, გადაასწრო ელექტრომობილების სტარტაპ Rivian Automotive-ს, რომლის საბაზრო ღირებულებაც, დაახლოებით, 77,8 მლრდ დოლარია.

თუმცა ავტომწარმოებლები ჯერ კიდევ ჩამორჩებიან ელექტრომობილების ლიდერ Tesla-ს, რომლის საბაზრო კაპიტალი ტრილიონ დოლარზე მეტია. გუშინ Tesla-ს აქციები 4,7%-ით მას შემდეგ დაეცა, რაც კომპანიამ Cybertruck მოდელის ვებგვერდი განაახლა და საიტიდან 2022 წელზე ორიენტირებული მითითებები ამოიღო.

Ford-ის წარმატება განაპირობა გეგმამ, რომ პოპულარული F-150 პიკაპის ელექტრო ვერსიისთვის წარმოების სიმძლავრე გააორმაგოს და 150 000 მანქანამდე გაზარდოს. ეს აღმასრულებელი დირექტორის, ჯიმ ფარლის აგრესიული ელექტრიფიკაციის სტრატეგიის ნაწილია.

F-150 Lightning ელექტრო პიკაპზე მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ Ford-ს ამერიკელი დილერებისთვის პიკაპების საგაზაფხულო ჯავშნების შეწყვეტა მოუწია.

ჯიმ ფარლიმ, რომელიც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი 2020 წელს გახდა, პირობა დადო, რომ 2030 წლისთვის ელექტრომობილებისა და აკუმულატორული ბატარეის განვითარებაში 30 მლრდ დოლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ