უკრაინის სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა

უკრაინის სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა და გამოჩნდა მუქარა უკრაინელების მიმართ, რომ „ეშინოდეთ და ყველაზე ცუდს ელოდნენ.“

მედიის ინფორმაციით, ჰაკერული თავდასხმის ობიექტებს შორისაა: უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდები. მუქარის შემცველი შეტყობინებები უკრაინულ, რუსულ და პოლონურ ენებზე გამოჩნდა. ვებგვერდების შავ ფონებზე გამოქვეყნდა უკრაინის დროშის, გერბის და რუკის გადახაზული სურათები და ასევე ღორის გამოსახულების სურათი.

„უკრაინელებო! კომპიუტერის ყველა მონაცემი განადგურებულია და მისი აღდგენა შეუძლებელია. თქვენს შესახებ ყველა ინფორმაცია საჯარო გახდა, გეშინოდეთ და ყველაზე ცუდს ელოდეთ. ეს თქვენ, თქვენი წარსულისთვის, აწმყოსთვის და მომავლისთვის“, – აღნიშნულია გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ ნაადრევია იმის თქმა, თუ ვის შეიძლებოდა განეხორციელებინა თავდასხმა, მაგრამ აღნიშნა, რომ წარსულში მსგავსი თავდასხმების უკან რუსეთი იდგა.