„მივიღეთ დახურვის გადაწყვეტილება - არტისტებს და თანამშრომლებს, გაურკვეველი დროით წაერთმევათ შემოსავალი“

„მივიღეთ დახურვის გადაწყვეტილება,“- ამის შესახებ კლუბის „ხიდის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

კლუბის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ამაღამ კლუბში KHIDI ზამთრის უკანასკნელი საკლუბო ღამე გაიმართება. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, რომელშიც კლუბების წვლილი მინიმალურია, არ გვაძლევს თავაწეულად და სრულფასოვნად ფუნქციონირების საშუალებას.

22 თვიანი უმძიმესი პაუზის შემდეგ, მხოლოდ სამი კვირის მანძილზე შევძელით მუშაობა, ისიც უდიდესი წნეხის ფონზე. ამ სამი კვირის განმავლობაში ვიჩენდით მაღალ პასუხისმგებლობას და ზედმიწევნით ვიცავდით გამკაცრებულ კარის პოლიტიკას, კლუბის სტუმრებისთვის უსაფრთხო სივრცეში მოსახვედრად.

ყველაფრის მიუხედავად, დანარჩენ კლუბებთან ერთად მივიღეთ უმძიმესი, დახურვის გადაწყვეტილება. კლუბების დახურვით გამოწვეული სიმძიმე პირველივე დღეებში იჩენს თავს და მძიმედ დააწვება ელექტრონული მუსიკის წამყვან არტისტებს, სფეროს პროფესიონალებსა და რიგით თანამშრომლებს, რომელთაც კვლავ გაუკრვეველი დროით წაერთმევათ შემოსავალი და განვითარების საშუალება.

ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს კვირებში პიკს მიღწეული ინფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად დაიწყებს უკუსვლას და ჩვენ არაუგვიანეს მარტის დასაწყისისა კვლავ გავხსნით კლუბის კარს და აღარ დავკეტავთ,“-აღნიშნულია განცხადებაში.

თაია არდოტელი