ავსტრიაში თებერვლიდან ვაქცინაცია სავალდებულო ხდება

ავსტრია ევროპაში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც 18 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის კორონავირუსის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა. ინფორმაციას The Local Austria ავრცელებს.

პარლამენტის დეპუტატების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა შესაბამის კანონს, რომელიც 1-ლი თებერვლიდან ამოქმედდება. The Local Austria-ს მონაცემებით, ავსტრიის მოსახლეობის, დაახლოებით, 75% ერთი დოზით მაინც არის აცრილი, ხოლო 72% სრულად ვაქცინირებულია, რაც ევროპის სრულად ვაქცინაციის საშუალო, ანუ 70%-იან დონეს შეესაბამება.

თავდაპირველად ავსტრიის მთავრობას სავალდებულო ვაქცინაცია 14 წლის და უფროსი ასაკის ყველა პირისთვის სურდა, დაეწესებინა, თუმცა თებერვლიდან ეს ნორმა მოქალაქეებს მხოლოდ სრულწლოვანი ასაკიდან შეეხებათ. გამონაკლისად ორსულები და სამედიცინო მიზეზით გათავისუფლებული პირები ჩაითვლებიან.

„ვაქცინაცია არის შესაძლებლობა, რომ საზოგადოებამ მუდმივ და მყარ თავისუფლებას მიაღწიოს, რადგან ვირუსი ვეღარ შეგვზღუდავს,“ - აცხადებს ავსტრიის კანცლერი, კარლ ნეჰამერი.

ავსტრიის თავისუფლების პარტიის (Freiheitlichen Partei Österreichs) ლიდერი, ჰერბერტ კიკლი კანონის წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ დოკუმენტი „ავსტრიაში ტოტალიტარიზმს უხსნის გზას.“

მოამზადა ლადო სულაბერიძემ