„რეფორმერ ფიტნესი“ წესებს არღვევს - დარბაზში შესვლა „მწვანე პასპორტის“ გარეშეა შესაძლებელი

მიუხედავად იმისა, რომ სპორტ-დარბაზებში შესვლა „მწვანე პასპორტის“ გარეშე აკრძალულია, „რეფორმერ ფიტნესში“ ეს შეზღუდვა არ მოქმედებს. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას დარბაზის მფლობელი გიორგი ფუტკარაძე აცხადებს, „რეფორმერში“ ვარჯიშისთვის ვიზიტორებს არც PCR ტესტს სთხოვენ.

გიორგი ფუტკარაძე აღნიშნავს, რომ „ომიკრონის“ გავრცელების მასშტაბების მიუხედავად, მომხმარებელთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ და სიმპტომიანი ადამიანები დარბაზში არ დადიან.

„ომიკრონის გავრცელებამ მომხმარებელთა რაოდენობაზეც იმოქმედა, თუმცა ტრაგიკულად არ აღვიქვამთ ამას. თუ კი ჩვენს მომხმარებლეს უდასტრურდებათ ვირუსი, ან აქვთ სიმპტომები, ისინი პასუხისმგებლობას იჩენენ, გვირეკავენ და დარბაზში არ მოდიან. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ დარბაზში ჯერ არ დაფიქსირებულა ისეთი მომხმარებელი, რომელიც გაციებულია, ან რაიმე სიმპტომი აქვს ვარჯიშის დროს.

ასევე ჩვენ ყველას ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ დარბაზში იარონ და არ ვყოფთ მომხმარებლებს, შესაბამისად, ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ექნება თუ არა ყველას „მწვანე პასპორტი“. „მწვანე პასპორტის“ გარეშეც შეუძლიათ ადამიანებს „რეფორმერში“ ვარჯიში და არც PCR ტესტის აუცილებლობაა.

ჩვენ ვენდობით ჩვენს მომხმარებლებს და მათთან შესანიშნავად ვთანამშრომლობთ“, - ამბობს ფუტკარაძე.

დარბაზის მფლობელი ამბობს, რომ „მწვანე პასპორტის“ რეგულაციის უარყოფით მათ პრობლემა არ შექმნიათ, რადგან შესაბამისმა წარმომადგენლებმა ვერავითარი დარღვევა ვერ იპოვეს.

„ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ მოსულები, შეგვამოწმეს, ჩვენ იურიდიულად ავუხსენით ყველაფერი, მათ ვერანაირი დარღვევა ვერ იპოვეს, რაც საფრთხეს უქმნიდა მომხმარებლის ჯანმრთელობას, შესაბამისად, მოვიდნენ და წავიდნენ“, - ამბობს გიორგი ფუტკარაძე.

რაც შეეხება ფასებს, გაზრდილი კომუნალური ტარიფების ფონზე, „რეფორმერი ფიტნესის“ მფლობელი, ახალი წლისათვის ფიტნეს-აბონემენტების 10%-ით გაძვირებას პროგნოზირებდა, თუმცა მიუხედავად ამისა, ინდივიდუალური აბონიმენტების ფასები უცვლელი დარჩა - მცირედით გაიზარდა ფასები ჯგუფური ვარჯიშის მიმართულებით.

„მიუხედავად იმისა, რომ კომუნალური ტარიფები 70-80 % - ით გაგვიზარდეს, ჩვენ აბონიმენტებზე ფასები არ გაგვიზრდია. ამ ეტაპზე მაინც შევინარჩუნეთ ისე, როგორც აქამდე გვქონდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან მომხმარებლებს გადახდასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეჰქმნოდათ, განსაკუთრებით „ომიკრონის“ გავრცელების ფონზე. ერთადერთი ცვლილება არის ის, რომ ჯგუფურ ვარჯიშებზე მცირედით გაიზარდა ფასი, დანარჩენი დარჩა იგივე“, - ამბობს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ფუტკარაძე.

ქრისტინე კაპანაძე