თბილისში საწვავის ფასებს კიდევ გააპროტესტებენ

”საქართველოში საწვავის ასაღები ფასი უნდა იყოს მაქსიმუმ, 1,19 თეთრი”.

საწვავზე არსებული ფასების შემცირების მოთხოვნით, 4 თებერვალს აქცია გაიმართება. ”ქართული დასის” ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას ინფორმაციით, აქციის მონაწილეები 4 თებერვალს, 11:00 საათზე სასტუმრო „რედისონის“ წინ, ვარდების მოედანზე შეიკრიბებიან. შემდეგ, მსვლელობა კანცელარიამდე გაგრძელდება და კანცელარიასთან საპროტესტო აქციით დასრულდება.

როგორც ჯონდი ბაღათურია bpn.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, აქციის მთავარი მიზანი საწვავზე ფასების შემცირებაა. აქცია იმ ხელოვნური მონოპოლიების, კარტელური შეთანხმების და ელიტური კორუფციის წინააღმდეგ არის მიმართული, რომელიც დღეს საქართველოშია გაბატონებული. ბაღათურიას თქმით, დღეს საწვავზე ფასები არარეალურია: ”მაშინ როცა მსოფლიოში საწვავზე ფასმა 56%-ით დაიწია, საქართველოში მხოლოდ 20%-ით არის ფასი შემცირებული. ყველა გაანგარიშებით, საქართველოში საწვავის ასაღები ფასი უნდა იყოს მაქსიმუმ, 1,19 თეთრი. დღეს, საწვავი 1,76 და 1,74 თეთრი ღირს. ეს მაპატიეთ და, უნამუსობაა. ფასები ხელოვნურად არის გაზრდილი. ჩვენ ვითხოვთ, მინიმუმ, 1,50 თეთრამდე ჩამოვიდეს საწვავის ღირებულება. და შემდეგ უკვე შეიძლება პოლემიკის წარმოება, მაგრამ სანამ ფასი ლარ-ნახევრამდე არ ჩამოვა, ლაპარაკს აზრი არ აქვს”.

მისივე თქმით, ყოველივე აღნიშნულის მიზეზი კარტელური შეთანხმებაა, რომლის უკანაც 5 მონოპოლისტი კომპანია დგას: ”ამის მიზეზი კარტელური შეთანხმებაა. ანუ ოლიგარქების შეთქმულება, რომელიც ფასების შეთანხმებას გულისხმობს და ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. სულ 5 მონოპოლისტი კომპანიაა, აქედან სამი არის ქართული ოცნების წევრი და საკმაოდ მაღალ თანამდებობებს იკავებს”, -აღნიშნავს ”ქართული დასის” ლიდერი.