უბილეთოდ მგზავრობისთვის დაჯარიმებულ პირებთან დაკავშირებული საქმეების აღსასრულებლად დაახლოებით მილიონი ლარია საჭირო

მთავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობისთვის დაჯარიმებული პირების ჯარიმა-საურავებისგან გათავისუფლების გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული რესურსის დაზოგვის მიზანს უკავშირებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი დღეს პარლამენტს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ წარუდგინა, რომლის განმარტებითაც, ამგვარი თითოეული საქმის აღსრულება სახელმწიფოს 47 ლარი უჯდება. როგორც ბარამიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, დღეისთვის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში ასეთი ტიპის 21 110 საქმე დაგროვდა, რომელთა აღსრულებისთვის დაახლოებით ერთი მილიონი ლარია საჭირო. ბარამიძის განცხადებით, საქმეების ნახევარი უიმედოა და თანხის ამოღება საერთოდ შეუძლებელია. მისივე ცნობით, აღსასრულებელ საქმეთა ნახევარზე მეტი ეხება პირებს, რომლებიც ან მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობენ, ან რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში, ასევე მათ შორის არიან პენსიონერები და სტუდენტები.