გიორგი კვირიკაშვილი: ეკონომიკური ზრდის ზუსტი პროგნოზის გაკეთებისგან ამ ეტაპზე სჯობს თავი შევიკავოთ

ეკონომიკური ზრდის ზუსტი პროგნოზის გაკეთებისგან ამ ეტაპზე სჯობს თავი შევიკავოთ, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, გახდება თუ არა საჭირო ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მაჩვენებლის გადახედვა.

"ჯერჯერობით პროგნოზის გაკეთება ნაადრევია. ჩვენ, ალბათ, დაახლოებით პირველი კვარტლის ბოლოს გვექნება უფრო ცხადი სურათი და ამის შემდეგ შეგვიძლია გავაკეთოთ უფრო ზუსტი პროგნოზი. პროცესები არ არის მარტივი რეგიონში, ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საქართველოს ეკონომიკაზეც აისახება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილმა გაზის საფასურთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა იმედოვნებს, რომ გაზის საფასურთან დაკავშირებით, ინვესტორ კომპანია "სოკართან" იმ ვარიანტზე შეთანხმება მოხდება, რომელიც არ იქნება მტკივნეული განსაკუთრებით სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობისთვის. კვირიკაშვილის ინფორმაციით, "სოკარის" მხრიდან არის კეთილი ნება და პარტნიორული დამოკიდებულება, თუმცა უნდა ითქვას, რომ რეგიონებში მიმდინარე პროცესები და ეკონომიკური სიტუაცია ყველაფერზე აისახება და ამაში ექსტრაორდინალური არაფერია.

გიორგი კვირიკაშვილი ასევე გამოეხმაურა თბოელექტროსადგურების წარმომადგენლების მოთხოვნას ტარიფის მომატებასთან დაკავშირებით. კვირიკაშვილის თქმით, ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია და ამ საკითხს მარეგულირებელი კომისია განსაზღვრავს, რომელიც თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელია.  "მაგრამ ჩვენ, ჩვენი მხრივ, ჩართული ვართ პოლიტიკურ დონეზე პარტნიორ ქვეყანასთან აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების მიმართულებით. კომპანია "სოკართან" გვაქვს ძალიან კონსტრუქციული მოლაპარაკება და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენ ენერგეტიკის სფეროს ფინანასური სიჯანსაღე უნდა შევინარჩუნოთ. რა თქმა უნდა, იქნება გაკეთებული მათი ხარჯების სტრუქტურული ანალიზი, ასევე გაზის ფასის ტენდენციის ანალიზი და აქედან გამომდინარე იქნება მიღებული გადაწყვეტილება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.