"მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვა დებატებით მიმდინარეობს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი ზურაბ ტყემალაძე ამტკიცებს, რომ "მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტში მაუწყებელთა მხრიდან გამოთქმული შენიშვნების ძირითადი ნაწილი გათვალისწინებული და ასახულია.

კანონპროექტს, რომლითაც სატელევიზიო ეთერში კომერციული რეკლამის, ტელეშოპინგის, სპონსორობის განთავსების წესები და ხანგრძლივობა დგინდება და ამ მიმართულებით გარკვეული შეზღუდვები წესდება, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავენ. განხილვის პროცესი დებატების ფონზე მიმდინარეობს.

საპარლამენტო ოპოზიცია პროექტის ამოქმედების ვადის 2016 წლამდე გადაწევას ითხოვს და აცხადებს, რომ ახალი რეგულაციების პირობებში ტელევიზიები ფინანსური პრობლემების წინაშე დგებიან. ამ კონტექსტში ყურადღება "რუსთავი 2"-ზე გამახვილდა. თავის მხრივ, ზურაბ ტყემალაძე აქცენტს ევროდირექტივების შესრულების ვალდებულებაზე აკეთებს. მან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შეახსენა, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს - 2011 წელს დაიწყო, ხოლო დღევანდელი ხელისუფლება ევროდირექტივების შესრულებას განაგრძობს. ტყემალაძის თქმით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს სამი შენიშვნა ჰქონდა, რომელთაგან ორი გათვალისწინებულია, ხოლო ერთი, რომელიც პროექტის 2016 წლის 15 იანვრიდან ამოქმედებას ეხება, გათვალისწინებული არ არის.

რაც შეეხება პროექტის პირვანდელ ვარიანტში ასახულ შენიშვნებს, ტყემალაძის განმარტებით, მაუწყებელთა შეთავაზებების გათვალისწინებით, პროექტში შემდეგი ცვლილებები აისახა: ამოღებულია ნორმა, რომელიც ითვალისწინებს კომერციული რეკლამისთვის დაწესებულ 20%-იან შეზღუდვას მაუწყებლობის ხანგრძლივობის მიხედვით. ტყემალაძის თქმით, 20%-იანი შეზღუდვა გამოყენებულ იქნება ყოველ საათში. მისივე განმარტებით, სპონსორობის შესახებ დაწესებული ახალი დეფინიცია ძალაში 2016 წლის 15 იანვრიდან შევა; პროექტიდან ამოღებულია ნორმა, რომლის მიხედვით, ანონსებში სპონსორობაზე მითითება იკრძალება; ნორმა, რომელიც პროგრამებსა და ანონსებში სპონსორობისას საათში 5%-იან ლიმიტს ადგენს, ძალას 2016 წლის 15 იანვარს დაკარგავს; 2017 წლის 15 იანვრიდან ახალი ამბების "ჭრა" განხორციელდება 30 წუთში ერთხელ, გარდამავალ პერიოდში კი დასაშვები იქნება სარეკლამო "ჭრა" 15 წუთში ერთხელ.

"მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ძალაში მიმდინარე წლის 1 აპრილიდან შევა.