სოფლის მეურნეობის კოოპერატივები საქართველოში: იმედები და გამოწვევები

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, საქართველოში კოოპერატივების მნიშვნელობა ან უგულებელყოფილი იყო ან არასწორად იყო გაგებული. კოოპერატივს ხშირად ძველ, საბჭოთა კოლმეურნეობასთან აიგივებდნენ. დღეს მდგომარეობა სრულიად შეცვლილია და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ბევრად უკეთაა აღქმული. ეს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის დასახმარებლად მომუშავე ევროკავშირისა და FAO-ს (სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) ექსპერტების ძალისხმევის შედეგია. ძველი მიდგომის შეცვლაში წვლილი შეიტანეს ასევე სამოქალაქო საზოგადოებისგან შემდგარმა ორგანიზაციებმაც, რომელთაგანაც ბევრი ევროკავშირის ფინანსური დახმარებით სარგებლობს. ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშესაწყობად საქართველოში მოქმედებს შესაბამისი კანონი და კოოპერატივების განვითარების ეფექტური სააგენტო. დღეს არსებული რეალობა ბევრად დინამიურია, რადგან ასობით ფერმერთა ჯგუფმა უკვე მიიღო კოოპერატივის სტატუსი.

პოლიტიკის შემუშავებაში ჩართულმა ადამიანებმა, მასმედიამ და რაც მთავარია, თავად ფერმერებმა გააცნობირეს, რომ კოოპერატივს არაფერი აქვს საერთო კოლექტივიზაციასთან. მისი მიზანი პროდუქციის მოცულობის გაზრდაში ფერმერთა დახმარებაა, სასოფლო-სამეურნეო მასალის - თესლი, სასუქი და ა. შ. - ერთად მოპოვებისა და ბაზარზე ერთობლივად გასვლის გზით. ამდენად, წარსულში მოქმედი მოდელის გაცოცხლების ნაცვლად, კოოპერატივი ფერმერებს ღია საბაზრო ეკონომიკით სრულად სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს. დღევანდელ მსოფლიოში ვაჭრობა უმეტესწილად დიდ მოცულობებს, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის რთული სტანდარტების დაცვას მოითხოვს. თუ მცირემასშტაბიანი ფერმერული მეურნეობები თანამშრომლობასა და პროდუქციის ერთობლივად გაყიდვას ვერ შეძლებენ, ბაზარზე გაღწევა ძალიან გაუჭირდებათ.

ევროკავშირი ამაყობს საქართველოში კოოპერატივების პოზიტიური მიმართულებით განვითარებაში შეტანილი წვლილით. ბევრი წლის წინ, როდესაც ამ საკითხს ყურადღებას თითქმის არავინ უთმობდა, ევროკავშირმა მთავრობასთან, პარლამენტთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ყველა დაინტერესებულ მხარესთან წამოიწყო დიალოგი იმ როლის შესახებ, რომლის შესრულება შეეძლოთ კოოპერატივებს საქართველოში მცირე ფერმერული მეურნეობების განვითარების პროცესში.

ევროპის სამეზობლოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, ჩვენ 115 მილიონ ლარს გამოვყოფთ. ამ პროგრამაში განსაკუთრებული აქცენტი კოოპერატივების განვითარებაზე კეთდება. იცით რას ვაკეთებთ? ვეხმარებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოოპერატივების განვითარების საკითხებში; ასევე ვრიცხავთ მიზნობრივ თანხებს სოფლის მეურნეობისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, გამოვყოფთ გრანტებსა და ვატარებთ სხვა ღონისძიებებს მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედი 15 არასამთავრობო ორგანიზაციის საშუალებით. ჩვენი ძალისხმევის მიზანია, ხელი შევუწყოთ სულ მცირე 160 თანამედროვე, მცირე ფერმერულ კოოპერატივს. bpn

ბიზნესზე ორიენტირებული კოოპერატივები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ევროპის სოფლის მეურნეობის სტუქტურაში. ევროპის უმეტეს ქვეყნებში პირველად წარმოებაში ჩართული მოსახლეობის დიდი ნაწილი მცირე ფერმერია. მათი უმრავლესობა (ასევე, დიდი და საშუალო ფერმერული მეურნეობებიც) კოოპერატივებშია გაწევრიანებული. საერთო ჯამში, ევროკავშირის მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რაოდენობა 9 მილიონს აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი სამი ფერმერიდან სულ მცირე, ორი - ერთ რომელიმე კოოპერატივში მაინც არის გაწევრიანებული.

ევროპაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების როლი ძალზე დიდია: სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების, გადამუშვებისა და მარკეტინგის 60%-ზე მეტი სწორედ მათზე მოდის. ევროპული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჯამური ბრუნვა დაახლოებით 260 მილიარდ ევროს შეადგენს. ევროპის ყველაზე დიდი კოოპერატივის ფინანსური ბრუნვა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტს სამჯერ-ოთხჯერ აღემატება!

კოოპერატივი ძალზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოთამაშეა, მაგრამ საქმე მხოლოდ ამაში როდია. კოოპერატივი ხელს უწყობს ფერმერს,  სათქმელი უფრო ,,ხმამაღალი" გახადოს; ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონის მოსახლეობის ხელშეწყობის საქმეში. ჯანსაღი დემოკრატიის პირობებში საზოგადოების სხვადასხვა ფენას საშუალება აქვს,  დაიცვას საკუთარი ინტერესები მონაწილეობის პრინციპზე დაყრდნობით და სწორედ ესაა კოოპერატივის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია.

დღეს საქართველოში არის უზარმაზარი მოლოდინი იმ შედეგებისა, რომელსაც კოოპერატივებმა უნდა მიაღწიონ. ევროკავშირი ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობია. თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ კოოპერატივი ყველასათვის როდია საუკეთესო გამოსავალი. ბევრი ფერმერი არასდროს გაწევრიანდება კოოპერატივში და ეს სრულიად მისაღებია. კოოპერატივი მხოლოდ მაშინ იქნება წარმატებული, თუ მისი მართვა პროფესიონალურად მოხდება და მკაცრად იქნება ორიენტირებული ბიზნესზე. კოოპერატივი უნდა ეფუძნებოდეს ნებაყოფლობითი წევრობის, საქმის ერთგულების, ლიდერობისა და ჯანსაღი და ეფექტური ფინანსური მართვის პრინციპებს.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი არ არის ჯადოსნური ფორმულა, რომელიც ქართველი ფერმერების წინაშე მდგარ ყველა პრობლემას მოაგვარებს. გარდა ფერმერთა შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მხარდაჭერისა, აუცილებელია გაუმჯობესდეს ფერმერთა განათლება, მათთვის საკონსულტაციო მომსახურების მიწოდება, მიწის რეგისტრაციის სისტემის გაუჯობესება, სარწყავი ქსელების განვითარება, დაფინანსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები.

სასოფლო-სამეურნეო სექტორი ძალზე რთულია. ის გრძელვადიან და თანმიმდევრულ მიდგომას მოითხოვს. ჩვენთვის ცნობილია, რომ სწორედ ასეთია საქართველოს მთავრობის ხედვაც. მივესალმებით ამ გრძელვადიანი და სტრატეგიული ხედვის განხორციელებისკენ მიმართულ ძალისხმევას.

სოფლის მეურნეობისა და სურსათის სექტორის მოდერნიზაციას უდიდესი მნიშნელობა აქვს საქართველოში უფრო ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის და ქალაქსა და სოფელს შორის დღეს არსებული უთანასწორობის შესამცირებლად. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ასევე ჯანსაღი ეკონომიკური განვითარებისთვის. საქართველომ უნდა შეამციროს არსებული სავაჭრო დეფიციტი, რაშიც სოფლის მეურნეობას წვლილის შეტანა შეუძლია.

საქართველო ევროპასთან უფრო მეტად დაახლოების გზაზე დგას. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცე ამ გზაზე მდგარი ნიშანსვეტებია. თანამედროვე, ბიზნესზე ორიენტირებული კოოპერატივი ის აუცილებელი საშუალებაა, რომელიც საქართველოს მცირე ფერმერს დაეხმარება, მაქსიმალური სარგებელი მიიღოს ასოცირების შეთანხმებიდან და საშუალებას მისცემს მას, თავისი საქმე იმ პრინციპებზე ააგოს, რომელიც ევროპულ სოფლის მეურნეობას უდევს საფუძვლად.

იანოშ ჰერმანი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში