ოთარ დანელია მიიჩნევს, რომ პურის ფასის ზრდაზე საუბარი ნაადრევია

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მიიჩნევს, რომ პურის ფასის ზრდაზე საუბარი ნაადრევია.

ასე უპასუხა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას იმის თაობაზე, კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფის ზრდა, იმოქმედებს თუ არა პურის ფასზე და გაზრდის თუ არა მას. "ჯერ მე მგონი, ნაადრევია, ბაზრის ფასის ზრდაზე საუბარი. ამ თემასთან დაკავშირებით ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს. შესაბამისად, მოდით დაველოდოთ მოვლენებს. ჯერჯერობით ბალანსი შენარჩუნებულია, ამიტომ ამ ეტაპზე თუ რაღაც განსაკუთრებული ცვლილებები არ მოხდა, მე ვფიქრობ, მოსალოდნელი არ არის. ასევე, იმედია, რომ გაზის გაძვირება არ იქნება", - განაცხადა დანელიამ.

გარდა ამისა, ოთარ დანელიამ აუდიტის სამსახურს მოუწოდა, დეტალურად გაეცნონ საქმეს, ნახონ არგუმენტაცია და ექსპერტული დასკვნები ამის შემდეგ გააკეთონ. ასე გამოეხმაურა სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს, რომლის თანახმადაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2013 წელს შეძენილი ავტომობილების საჭიროებას ვერ ასაბუთებს.

"მე ვფიქრობ, კითხვები უფრო უნდა იყოს, რატომ დასჭირდა აუდიტის სამსახურს დღეს ამ თემაზე საუბარი, როდესაც ეს ეხება აბსოლუტურად სხვა მენეჯმენტს, სხვა წარსულს. იყო ბევრი განმარტება გაკეთებული და მე თხოვნა მაქვს, სანამ კომენტარს გააკეთებენ, ჩაიხედონ საქმეში, ნახონ დეტალურად, თუ რა ინფორმაციაა, რა არგუმენტაცია და ამის შემდეგ გააკეთონ ექსპერტული დასკვნები", - განაცხადა დანელიამ.