რა გავლენას მოახდენს საქართველოში "ტოიოტას" რითეილერების მატება მომხმარებლებზე

”გაჩნდა მოსაზრება, რომ იაპონელმა ავტომწარმოებელმა საქართველოში წილები ორ კომპანიას გაუყო”

თბილისში "ტოიოტას" მეორე ცენტრის გამოჩენამ ავტომოყვარულები გააკვირვა. აქამდე თბილისსა და ზოგადად საქართველოში, მხოლოდ ერთი "ტოიოტას ცენტრი" ფუნქციონირებდა, რომელიც აღნიშნული მარკის ავტომობილების მფლობელებს ემსახურებოდა. ახლა კი ეს ფუნქცია რამდენიმე თვის წინ გახსნილმა "ტოიოტა ცენტრ თეგეტამაც" შეითავსა. თუმცა, bpn.ge-სთან ექსკლუზიურ საუბარში შპს "ტოიოტა კავკასია და ცენტრალური აზიის" დირექტორმა იუჯი ვაგატამ აღნიშნა, რომ აღნიშნული ფაქტი მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკის შედეგია. მისი თქმით, "ტოიოტა ცენტრი თბილისი" და "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" საქართველოში ”ტოიოტას” ოფიციალური რითეილერები არიან. ბატონმა ვაგატამ აქვე აღნიშნა, რომ მხოლოდ უკრაინაში "ტოიოტას" რითეილერების რაოდენობა რამდენიმე ათეულს შეადგენს.

- თქვენ თქვით, რომ სხვადასხვა ქვეყნებში რამდენიმე ათეული რითეილერიც კი გყავთ. რა განაპირობებს მათ რაოდენობას?

- წლების განმავლობაში ქართული საავტომობილო ბაზრისა და ჩვენი მომხმარებლების რაოდენობის მუდმივი ზრდის პირობებში მივედით განვითარების იმ წერტილამდე, როდესაც აუცილებელი გახდა "ტოიოტას" ოფიციალური ქსელის გაფართოება. გაფართოების უმთავრესი ამოცანაა, შევთავაზოთ მეტი კომფორტი ჩვენს კლიენტებს, განსაკუთრებით გაყიდვის შემდგომი მომსახურების მიღების დროს. ამასთან, გაყიდვების ქსელის გაფაროებით, ვცდილობთ მოვიზიდოთ ახალი მომხმარებლები. ოფიციალური სადილერო ქსელის გაფართოება არ არის მხოლოდ "ტოიოტასთვის" დამახასიათებელი უნიკალური პოლიტიკა. ამ გზას მიმართავს ყველა ავტო მწარმოებელი. გადაწყვეტილება ქსელის გაფართოების თაობაზე ნიშნავს, რომ "ტოიოტა" ოპტიმისტურად უყურებს საქართველოს ეკონომიკური ზრდისა და, შესაბამისად, ბრენდის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს.

- "თეგეტა" რა პრინციპით შეირჩა?

- რიგი კომპანიებისა მოვიწვიეთ შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. კანდიდატებმა წარმოადგინეს მაღალ პროფესიონალურ დონეზე მომზადებული წინადადებები. თვეების განმავლობაში მუდმივად მიმდინარეობდა ყველა კანდიდატთან მათი წინადადებების დეტალური განხილვა და დამატებითი ინფორმაციის გაცვლა. შერჩევისას ვხელმძღვანელობდით "ტოიოტას" გლობალური კრიტერიუმებითა და წესებით. საბოლოო ჯამში, "თეგეტა მოტორსის" მიერ წარმოდგენილმა პროექტმა დააკმაყოფილა ყველაზე მეტი მოთხოვნა და, შესაბამისად, ახალი რითეილერის სტატუსიც მათ მიენიჭათ.

- შესაძლებელია ქართულ ბაზარზე გამოჩნდეს მესამე და მეოთხე რითეილერიც?

- იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ საავტომობილო ბაზარი განაგრძობს ზრდას, ქვეყნის ეკონომიკასთან ერთად. შესაბამისად, ჩვენც განვაგრძობთ ზრუნვას არსებული და მომავალი კლიენტებისთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად, რაც, ბუნებრივია გულისხმობს საქართველოში "ტოიოტას" ოფიციალური ქსელის შემდგომ გაფართოებას. ამჟამად ჩვენი ობიექტები თავმოყრილია დედაქალაქში და მომავალში აუცილებლად გავაქტიურდებით საქართველოს რეგიონებშიც.

- რითეილერების მატების პროცესი რა გავლენას მოახდენს მომსახურებაზე, ფასებზე, ზოგადად მომსახურების ხარისხზე, გაყიდვებზე?

- მიუხედავად იმისა, რამდენი რითეილერი იქნება ბაზარზე, "ტოიოტას" უპირველესი პრიორიტეტია მომხმარებელს ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას მხოლოდ საუკეთესო მომსახურება შესთავაზოს. ამისთვის შპს "ტოიოტა კავკასია და ცენტრალური აზია" მუდმივად მუშაობს ყველა რითეილერთან, რათა უზრუნველყონ "ტოიოტას" საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობა ყველა ასპექტში. ბუნებრივია, ქსელის ამ სახით გაფართოებით, ჩვენ ვისწრაფვით გავზარდოთ კლიენტების კმაყოფილების დონე და გავაძლიეროთ "ტოიოტას" პოზიციები ქართულ ბაზარზე.

- ქართული რითეილერების სერვისებისა და მომსახურების ფორმები თუ განსხვავდება?

- ჩვენი მიზანია მივაწოდოთ კლიენტებს სტანდარტიზებული საუკეთესო მომსახურება "ტოიოტას" ნებისმიერ ობიექტში. ამიტომ ნებისმიერი რითეილერი მუდმივად ვითარდება და აუმჯობესებს შიდა ბიზნეს პროცესებს. შესაბამისად, ყოველთვის არის განსხვავებები მცირე ტექნიკურ საკითხებში, მაგრამ ეს არანაირად არ შეიგრძნობა მომხმარებლის მიერ.

- ხომ არ შემცირდა საქართველოს მთავრობის ინტერესი ზოგადად "ტოიოტას" მარკის ავტმობილების მიმართ? მთავრობის ყველა სფეროს ძირითადად თქვენი კომპანიის ავტომობილები ჰყავს. სხვა საავტომობილო კომპანია ხომ არ გიწევთ კონკურენციას?

- სახელმწიფო შესყიდვების სექტორში უმკაცრესი და, ამავე დროს, ჯანსაღი კონკურენციაა. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია თუნდაც საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ავტოპარკი. ჩვენი რითეილერები კვლავაც განაგრძობენ შესაბამის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას, ხოლო გადაწყვეტილება მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივად რჩება. რაც შეეხება შესაძლებელ ცვლილებებს "ტოიოტას" მიმართ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემას მხოლოდ სამთავრობო სტრუქტურები შეძლებენ.

ეკა ლომიძე