ქრთამის აღების ფაქტზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყვარლის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყვარლის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი სპეციალისტი და ერთი მოქალაქე დააკავა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მოქალაქისგან, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 4506 კვ/მ მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, 18 000 აშშ დოლარი მოითხოვეს.

დანაშაულებრივ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338 -ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.