ჩინეთში მილიარდერი მაგნატი სიკვდილით დასაჯეს

ჩინეთის ხელისუფლებამ სიკვდილით დასაჯა ხუთი ბიზნესმენი, მათ შორის გავლენიანი მილიარდერი მაგნატი ლიუ ჰანი.

”ბიბისის” ინფორმაციით, კომპანია Hanlong Group-ის ყოფილ თავმჯდომარეს სასიკვდილო განაჩენი სამშობლოში გასულ წელს გამოუტანეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნისა და ჩადენილი მკვლელობებისთვის.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ლიუ ჰანთან ერთად, სიკვდილით დასაჯეს მისი ძმა ლიუ ვეი და კიდევ სამი ბიზნესმენი. დანაშაულებრივი დაჯგუფების კიდევ 31 მონაწილეს სასამართლომ სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯა.

გამოძიების თანახმად, დაჯგუფებამ, რომლის წევრიც ჩინელი მილიარდერი იყო, უკანონოდ დაამყარა კონტროლი პროვინცია სიჩუანის ადგილობრივი ეკონომიკის რამდენიმე სფეროზე, საიდანაც დიდი მოგება ჰქონდა. ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ანგარიშზე 9 მკვლელობაა.