რა ბედი ელით ისტორიულ შენობებს?

"ეს ფონდი წლების განმავლობაში იყო პოლიტიკური ფულის სამრეცხაო"

თბილისში ძალიან ბევრი ისტორიული შენობაა, რომელიც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ამავე დროს, დედაქალაქში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით ავარიულ სახლებს, რომლებიც სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. ამ სიტუაციაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორ საკითხს: როგორ წარიმართება ქალაქის ისტორიული უბნების ბედი და რამდენად იქნება დაცული თბილისის მკვიდრთა სიცოცხლე და უსაფრთხოება. bpn.ge გთავაზობთ ინტერვიუს თბილისის განვითარების ფონდის ამჟამინდელ ხელმძღვანელთან - თემურ ხომერიკთან:

- თბილისის ძველი უბნების რეაბილიტაციაზე დიდი ხანია მსჯელობენ. რა გაკეთდა ბოლო წლებში ამ მიმართულებით?

- ნებისმიერი ძველი ქალაქის სახეს მისი ისტორიული ნაწილი ქმნის. ამიტომ, ყველაზე მეტი ფასეულობა სწორედ ძველ თბილისშია თავმოყრილი. ჩვენს დედაქალაქში 1770-მდე ისტორიული შენობაა, ბოლო წლებში მათგან მხოლოდ მესამედი გარემონტდა, შელამაზდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა. რეალური კონცეფცია, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ძველი თბილისის რეაბილიტაცია, არ არსებობდა და ეს პროცესი სპონტანურად მიდიოდა. ჩვენ ბევრს ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ მოვუაროთ ძველ შენობებს. მათ მოვლას 2 მილიარდამდე ლარი სჭირდება, ჩვენ კი, ყოველწლიურად მხოლოდ 20-დან 40 მილიონამდე ლარს ვხარჯავთ. ცხადია, ეს შენობები დიდხანს ვერ გაძლებს და დაინგრევა, ამიტომ, ზოგს სჭირდება რემონტი, ზოგს - საძირკვლის გამაგრება, ხოლო ზოგიერთი - საერთოდ ხელახლა უნდა აშენდეს. მარტივ მაგალითს გეტყვით: აღმაშენებლის გამზირზე რამდენიმე ნაგებობა ხელუხლებლად არის დატოვებული, ეს ისტორიული შენობებია, რომლებსაც ვერ შევეხებით, მაგრამ მათ მიღმა დარჩენილ იტალიურ ეზოებს რეკონსტრუქცია სჭირდება. ამ ეზოებში ისეთ მიშენებებს აქვს ადგილი, ქალაქის ისტორიულ უბანში რომ არ უნდა იყოს. თუმცა როდესაც ამ სახლების რემონტზე მიდგება საქმე, ხშირად ოჯახებში იწყება დავა, ვის რა ეკუთვნის და ჩვენც ძალაუნებურად ვხდებით ამ პრობლემის თანამონაწილენი.

- თბილისის განვითარების ფონდს საკმაოდ სკანდალური წარსული აქვს, აქ უამრავ დარღვევას ჰქონდა ადგილი. რას გვეტყოდით ამ დარღვევებზე?

-  მთავარი პრობლემა ხალხის კუთვნილი ფულის უნამუსოდ ხარჯვა იყო. მაგალითად, ავიღოთ რიყე: ვის სჭირდებოდა რიყის რეაბილიტაცია? ერთი ველოსიპედის ქანდაკება და რაღაც გაურკვეველი მილის აგება 89 მილიონი ლარი დაგვიჯდა. 200 მილიონი ლარია დახარჯული რიყის პარკზე - ამ თანხით, სულ მცირე, 300 ისტორიული სახლის აღდგენა შეიძლებოდა. თავის დროზე სერიოზული ტრანშები იქნა გადარიცხული კომპანია ”ენ-სი-სის” ანგარიშზე, რომელსაც გეგი ქელბაქიანი ხელმძღვანელობდა. ამ კაცმა მშვენივრად იცოდა, რასაც აკეთებდა: თუ მთავრობა მოგცემს 200 მილიონს და შენ ყოველგვარი ფორმალობის გარეშე შეგიძლია აკეთო რაც მოგინდება, ფულის ძალიან კარგ სამრეცხაოს მოაწყობ. არამიზნობრივი ხარჯვის უამრავი მაგალითის დასახელება შეიძლება: გააკეთეს 22-კილომეტრიანი ბილიკი თბილისის ზღვაზე. ვის რაში სჭირდება ეს ბილიკი, არავინ იცის. ზოოპარკი ჯერ არ გადაუტანიათ და საკანალიზაციო სისტემების აგებაზე ერთი ფირმა კარგა ხანია ფულს იღებს, მათ თანხა უკვე ავანსადაც აქვთ მიღებული. ხელფასებშიც დიდი არეულობა იყო, ფული გამოყოფილი იყო ერთ ადამიანზე და იხარჯებოდა მეორეზე, თანაც ფონდში უფრო მეტი ადამიანი იყო გაფორმებული, ვიდრე სინამდვილეში მუშაობდა. ამ დარღვევების გამო ფონდის ხელმძღვანელობა რამდენჯერმე შეიცვალა. კიდევ ერთი მაგალითი უნდა დავასახელო: იყო ასეთი კომპანია - ”არტესი”, რომლის ხელმძღვანელებიც სულ ნათესავები იყვნენ, ნაწილი ფონდში მუშაობდა, ხოლო ნაწილი - ”ნაცმოძრაობის” პარტიულ ოფისებში. ამ ფირმას იმდენად გაურკვევლად ჰქონდა დახარჯული 30 მილიონი ლარი, რომ ქალაქის ძველი ხელმძღვანელობა თვითონვე გახდა იძულებული, მათი ანგარიშები დაეყადაღებინა. სხვათა შორის, ”ცენტრ პოინტს” და ვახტანგ რჩეულიშვილსაც აქვთ ფული ნარეცხი ”თბილისის განვითარების ფონდთან” ერთად. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ფონდი წლების განმავლობაში იყო პოლიტიკური ფულის სამრეცხაო.

- რის გაკეთებას აპირებს სამომავლოდ თქვენი ორგანიზაცია?

- თავდაპირველად გეტყვით: ის გავლენა, რაც ფონდის წინა ხელმძღვანელებს ჰქონდათ, მე არა მაქვს. მათ უკან გიგი უგულავა და პროკურატურა იდგა. ეს იყო პოლიტიკური უწყება, დღეს კი, ”თბილისის განვითარების ფონდი” სამეურნეო უწყებაა. 5 იანვრიდან ფონდი საბიუჯეტო ორგანიზაცია გახდა, ყველა ჩვენი ანგარიში ხაზინაში გადავიდა და აქ რაიმე ოპერაციის კანონგარეშე წარმოება გამორიცხულია. აბსოლუტურად გამჭვირვალე საქმიანობა გვექნება, აღარ იქნება პრივატული კონტრაქტები და გაბერილი ფასები. სათანადო თანხები უკვე მობილიზებულია და ამ ზაფხულს ვიწყებთ სამშენებლო სამუშაოებს. პირველ რიგში, აღმაშენებლის პროსპექტზე დარჩენილი ისტორიული სახლები უნდა აღვადგინოთ. ვაპირებთ, თავდაპირველად ის გაუბედურებული ადამიანები დავაბინაოთ, რომლებიც ცენტრალური უბნებიდან გამოიყვანეს და ახლა ნაქირავებში ცხოვრობენ. გომის ქუჩაზე, ბოტანიკურ ბაღთან, პუშკინის ქუჩაზე - სახლები ყველგან უნდა დავასრულოთ, რომ ეს ადამიანები ბოლოს და ბოლოს თავიანთ კერას დაუბრუნდნენ. მე არ ვამბობ, რომ წინა წლებში არაფერი გაკეთებულა, ბევრი სახლი ძალიან კარგად არის აშენებული, თუმცა ბევრიც -  უხარისხოა. ამიტომ, უხარისხოდ გაკეთებული საქმე ხელახლა უნდა გაკეთდეს, რაზეც ბევრი ფირმა დაგვთანხმდა. ამ ფირმებმა ზოგიერთი სახლი კი ააშენეს, მაგრამ იქ არც ბუნებრივი აირია შეყვანილი და არც - წყალი, ფონდს ვის მიმართაც რა ვალდებულებები აქვს ნაკისრი, ყველაფერი უნდა შევასრულოთ.

-  ყველაზე მეტად რა გიშლით ხელს ამ ჩანაფიქრის განხორციელებაში?

-  ყველაზე დიდი დაბრკოლება ჩვენთვის ის არის, რომ ძველი სახლებიდან ხალხის გამოყვანა გვიჭირს: ხშირად მფლობელები 1 კვ.მეტრში ძალიან ძვირს ითხოვენ, ბევრი არ ტოვებს თავის ძველს ბინას იმიტომ, რომ ქირით ცხოვრება არ უნდა. თბილისის განვითარების ფონდს უკვე აქვს ზუსტად გაწერილი გეგმა, აწყობილი სისტემა და ახლა მთავარია, კარგი პროექტების შეჯერება მოვახერხოთ. ძალიან მიხარია, რომ გუდიაშვილის სკვერზე უკვე შევთანხმდით და მისი კონსერვაციის გეგმას კულტურის სამინისტრო სულ მალე დაამტკიცებს. ჩვენი პრიორიტეტია, მოსახლეობა დაზიანებული, საშიში სახლებიდან გამოვიყვანოთ და ბინებით უზრუნველვყოთ. ასევე მნიშვნელოვანია ისტორიული ძეგლები, რომლებიც უნდა გადარჩეს. ფონდი აპირებს 18,5 მილიონი დახარჯოს იმ მიზნების შესასრულებლად, რომელიც ქალაქის ხელმძღვანელობამ 2015 წლისთვის დაგვაკისრა. ამავე დროს, პროექტები, რომლებიც დაწყებულია, უნდა დასრულდეს. ისტორიული შენობების შემდეგ კი, მათ მომიჯნავე სახლებსაც უნდა მივხედოთ. ვზრუნავთ იმაზეც, რომ დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში აგებული ყოვლად უგვანო, პარაზიტული შენობები აღარ იყოს. 2015 წელი ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია და ვნახოთ, რის გაკეთებას შევძლებთ. თუმცა, ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჩვენი საქმიანობა აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება.

ხათუნა ჩიგოგიძე