ბიუჯეტს 2,2 მლრდ ვალით ბერავენ

იქმნება ფინანსური პირამიდა, რომელიც ბიუჯეტს მომავალში საკმაო პრობლემას შეუქმნის

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების 22,5% შიდა ვალით და დონორებისგან გადმორიცხული ფულით უნდა შეივსოს. ბოლო 2 წელია ვალის აღების მასშტაბი მკვეთრად იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ვალს მშპ-სთან მიმართებაში კრიტიკული ზღვრისთვის ჯერ არ მიუღწევია, სპეციალისტები, დაბალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, ზედმეტი ვალის წამოკიდებას მაინც სახიფათოდ მიიჩნევენ.

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მიხედვით, ფინანსთა სამინისტრომ 8,090 მილიარდი ლარის შემოსავლის მობილიზება უნდა მოახერხოს. აქედან, 1,090 მილიარდი ლარი საგარეო ვალია, 600 მილიონი ლარი - შიდა ვალი, ხოლო 215 მილიონი ლარი - გრანტი. ასე რომ, შარშანდლის მსგავსად, ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლების უცხოურ ფულზე დამოკიდებულება საკმაოდ დიდია.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის ბოლო კვარტალამდე ბიუჯეტს საგარეო ვალდებულებების კუთხით სერიოზული გარღვევა ჰქონდა. დონორებმა ფული დეკემბრისთვის გადმორიცხეს, რისი დახარჯვაც ვერ მოესწრო. 2015 წელს კი საგარეო ვალი კიდევ 1,090 მილიარდი ლარით გაიზრდება. 2014 წლის დეკემბრის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყნის მთლიანმა საგარეო ვალმა 7,7 მილიარდ ლარს გადააჭარბა. საქართველოს ყველაზე დიდი მევალე მსოფლიო ბანკია. ამ ფინანსური ინსტიტუტის მიმართ 3,3 მილიარდ ლარზე მეტი გვმართებს. შემდეგია აზიის განვითარების ბანკი (855 მლნ ლარი), ხოლო მესამე ყველაზე დიდი მევალე ევროპის საინვესტიციო ბანკია (450,8 მლნ ლარი).

2013 წელს მთლიანი საგარეო ვალი 7,296 ლარი იყო. 2012 წელს - 6,622 მილიარდი ლარი. 2012 წელს, 2011 წელთან შედარებით (6,026 მილიარდი), საგარეო ვალი 596,173 მილიონი ლარით გაიზარდა. 2011 წელს კი, 2010 წელთან შედარებით (5,821 მილიარდი), 204,987 მილიონი ლარით. ყველაზე დიდი ვალი ქვეყანამ 2009-10 წლებში აიღო, როდესაც 2008 წლის ომის შემდეგ ბრიუსელის დონორთა საერთაშორისო კონფერენციამ საქართველოს 4,5 მლრდ დოლარის დახმარება გამოუყო (ნაწილი - გრანტი, ნაწილი - კრედიტი).

რაც შეეხება შიდა ვალს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წელს სამინისტრომ სახაზინო ვალდებულებებისა და ობლიგაციების გამოშვებით 600 მილიონი ლარის აღებას გეგმავს. ბიუჯეტის კანონის მიხედვით, შარშანდელის მსგავსად 200 მილიონი ლარი გათვალისწინებულია ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმისთვის.

უფრო ზუსტად, სამინისტრო წელს 1,097 მილიარდი ლარის ფასიან ქაღალდებს გაყიდის. ამ ფულის თითქმის ნახევარი ძველი ვალის გასტუმრებისთვისაა განსაზღვრული, ანუ 497,1 მილიონი ლარით წინა წლებში ემისირებული სახაზინო ვალდებულებებითა და სახაზინო ობლიგაციებით მიღებული ვალი გადაიფარება. შესაბამისად, სამინისტრო ახალი ვალდებულებით ძველს ისტუმრებს და საბოლოო ჯამში, შიდა ვალს კიდევ უფრო ზრდის. სპეციალისტების განცხადებით, იქმნება ფინანსური პირამიდა, რომელიც ბიუჯეტს მომავალში საკმაო პრობლემას შეუქმნის.

ამ დროისთვის ქვეყნის შიდა ვალი 1,8 მილიარდი ლარია. აქედან 1,325 მილიარდი ლარი სახაზინო ფასიანი ქაღალდებიდანაა მიღებული, ხოლო 573 მილიონი ლარი სხვა სახელმწიფო ფასიანი ქაღადებიდან. 2013 წელს შიდა ვალი 1,344 მილიარდი ლარი იყო, 2012 წელს - 1,230 მილიარდი ლარი, 2011 წელს - 1,220 მილიარდი ლარი, 2010 წელს - 1,168 მილიარდი ლარი. აშკარაა, რომ შიდა ვალის ნახტომისებური ზრდა შარშან დაფიქსირდა.

ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ 2014 წლის ბოლოსათვის მთავრობის ვალი მშპ-სთან მიმართებაში შეადგენდა 36,4 პროცენტს (მათ შორის, საგარეო ვალი - 27,6%, ხოლო საშინაო ვალი - 8,8%). სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ეს მაჩვენებელი, კრიტიკული ზღვრისაგან საკმაოდ შორსაა. თანაც საგარეო ვალის მაღალი წილის გამო, მთავრობა გეგმავს შიდა ვალის წილის ზრდას. დაგეგმილია, რომ საშუალოვადიან პერიოდში მთლიანი ვალის მოცულობა 40%-ზე დაბალი იქნება.

”არაერთხელ მითქვამს, რომ ახალი მთავრობის პოლიტიკა ორიენტირებული იყო ვალდებულებების დაგროვებაზე და არა ბიზნესის განვითარებასა და გამრავალფეროვნებაზე. არ უნდა გვიკვირდეს, რომ მთავრობას ვალდებულების გასასტუმრებლად სხვა წყაროები სჭირდება. ეს აისახა შიდა ვალის აღებაში, ინფლაციის სტიმულირებაში. სახეზეა მცდარი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი. კიდევ რა უნდა მოხდეს - არის ინფლაცია, ფასების ზრდა, შიდა და საგარეო ვალის ზრდა, შეუსრულებელი ბიუჯეტი”, - ამბობს ექსპერტი პაატა შეშელიძე.

სპეციალისტების განცხადებით, მთლიანი ვალი უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე ქვეყნის საგარეო შემოსავლის ძირითადი წყარო - ექსპორტი, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანას შეიძლება მომავალში სავალო ვალდებულებების შესრულებაში პრობლემები შეექმნას. ვალის შემოსავლებთან შეფარდება აჩვენებს, რომ ბიუჯეტს, შესაძლოა, პრობლემები შეექმნას შიდა ვალის მომსახურებაშიც.

”ვალის დიდი მოცულობა სახიფათოა იმიტომ, რომ მისი მომსახურება სახელმწიფოს შემოსავლის უფრო და უფრო მეტ წილს მოითხოვს. მთავრობა კი ამ შემოსავალს ვალის მომსახურებისაკენ და არა ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართავს”, - აღნიშნავენ ფინანსისტები.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”