რამდენად ასახავს სამომხმარებლო კალათა რეალურ სურათს?

"სასურსათო დანახარჯების მაღალი წილის გამო, საქართველო კვლავ სიღარიბის ზღვარზე

მყოფი ქვეყნების რიგში დგას"

სტატისტიკის სამსახურმა სამომხმარებლო კალათა განაახლა. ისევე, როგორც გასულ წელს, 2015 წლის სამომხმარებლო კალათა კვლავ 295 დასახელების საქონლისა და მომსახურებისგან შედგება, თუმცა, შარშანდელთან შედარებით, შეცვლილია მათი ოდენობები.

სამომხმარებლო კალათა ქვეყნის საშუალო მომხმარებლის დანახარჯებს ასახავს. ის გვაჩვენებს, რომ საშუალო-სტატისტიკური ქართველი ყველაზე მეტს სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების შესაძენად ხარჯავს - 30,74%-ს საერთო ხარჯებიდან, ყველაზე იშვიათად კი ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს ყიდულობს. სასმელ-საკვების შემდეგ, სამომხმარებლო კალათაში ყველაზე დიდი წილი ტრანსპორტზე მოდის - 11,80%, შემდეგ ჯანმრთელობის დაცვაზე - 9,46%, საცხოვრებელზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე, აირსა და სათბობის სხვა სახეებზე - 8,48% და სხვ. სასურსათო დანახარჯების მაღალი წილის გამო, საქართველო კვლავ სიღარიბის ზღვარზე მყოფი ქვეყნების რიგში დგას. თუმცა, საშუალო-სტატისტიკური ქართველის სამომხმარებლო კალათაში შედის ქიშმიშიც, ყვავილიცა და კინოსეანსზე დასწრებაც. რამდენად ასახავს სტატისტიკოსების მიერ შედგენილი სამომხმარებლო კალათა რეალურ სურათს, ალბათ, ეკონომისტების განსასჯელია, ერთი კი ფაქტია, რომ 159-ლარიანი საარსებო მინიმუმი მომხმარებლის საჭიროებებს ნამდვილად ვერ აკმაყოფილებს.

სოსო არჩვაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "ბოლო წლების პრაქტიკა ადასტურებს, რომ იცვლება სამომხმარებლო კალათის შემადგენლობა, გვქონია 311 დასახელების საქონელიც წარმოდგენილი სამომხმარებლო კალათაში და 265-ც. ეს იმაზეა დამოკიდებული, კონკრეტულ დროს როგორ არის განფენილი ხარჯების "მარაო" სხვადასხვა საქონლის ან მომსახურების მიმართ. არსებული 295 დასახელება სავსებით ლეგიტიმურია, საკმარისია და კალათის შემადგენლობის მიხედვით საკმაოდ საინტერესო ინფორმაციის მიღება შეიძლება. სხვა საკითხია ე.წ. წონები - რა წონას ვაკუთვნებთ თითოეულ ამ სასაქონლო ჯგუფს. კითხვებსა და სკეპტიციზმს ის ბადებს, რომ პროპორციები მათ შორის არ არის ეკონომიკურად საფუძვლიანად დასაბუთებული. მაგალითად, გამოდის, რომ ჩვენი მოსახლეობა სასმელსა და თამბაქოზე ხარჯავს თითქმის ორჯერ მეტს, ვიდრე ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე. ასეთ შემთხვევაში ჩვენი საზოგადოება სრულიად ასოციალური და მარგინალური ჯგუფებისგან უნდა შედგებოდეს. ამას კი ნამდვილად ვერ იტყვი ამდენი მაღაზიის, ბუტიკისა და ბაზრობის ფონზე. მიმაჩნია, რომ სამომხმარებლო კალათა უნდა გადაიხედოს.

ხარჯების სიდიდე და სტრუქტურა დამოკიდებულია ორ რამეზე - შემოსავლებისა და ფასების დონეებზე ქვეყანაში. ქვეყნებში, სადაც მაღალია შემოსავალი, სასურსათო ხარჯები შედარებით დაბალია. ჩვენთან იყო დრო, როცა სურსათზე მთელი შემოსავლების 2/3-ს ვხარჯავდით. შემდეგ ეს მაჩვენებელი 60%-მდე შემცირდა, ახლა კი 30%-ზე ცოტა მეტია. მაგრამ განვითარებულ ქვეყნებში სურსათზე დანახარჯი გაცილებით ნაკლებია. მაგალითად, ევროკავშირში, ხარჯების მთლიან მოცულობაში, სურსათის ხარჯები მხოლოდ 12%-ია. კიდევ უფრო ნაკლებია ეს მონაცემი აშშ-ში (8,1%) და შესაბამისად, მეტი თანხა რჩებათ სხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. რაც უფრო იზრდება ოჯახის შემოსავალი, მით უფრო უმცირდება ხარჯებში სურსათის წილი. 160 ლარით ამ სამომხმარებლო კალათის შევსება გაჭირდება, მაგრამ თუ მოსახლეობას გადავიყვანთ პურზე, შაქარსა და ჩაიზე, რა თქმა უნდა, 160 ლარიც საკმარისი იქნება.

ფაქტია, რომ ჩვენი საარსებო მინიმუმი ვერ ასახავს რეალურ საჭიროებებს და არც სამომხმარებლო კალათის შესავსებად გვეყოფა. აუცილებლად უნდა გადაისინჯოს საარსებო მინიმუმი, მაგრამ ბოლო დროს ამ საკითხმა ხელისუფლებაში რატომღაც აქტუალურობა დაკარგა".

ემა ტუხიაშვილი

წყარო: გაზეთი ”კვირის პალიტრა”