მთავარმა პროკურატურამ იძულებით დათმობილ ქონებასთან დაკავშირებული საჩივრების შესწავლა-იდენტიფიცირება დაასრულა

მთავარმა პროკურატურამ იძულებით დათმობილ ქონებასთან დაკავშირებით უწყებაში შესული საჩივრების შესწავლა-იდენტიფიცირება დაასრულა.

პარლამენტში არსებული ინფორმაციით, ქონებრივ დავებთან დაკავშირებულ საკითხებზე და ამ მიმართულებით პრობლემის გადაჭრის გზებზე მთავარი პროკურატურის მესვეურებმა პარლამენტის წევრებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან კონსულტაციები გამართეს.

კონსულტაციებში მონაწილეთა შორის იყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, რომლის განმარტებითაც, საქმე ეხება ქონებას, რომელთან დაკავშირებითაც საუბარია მისი იძულებითი წესით ჩუქებაზე ან გასხვისებაზე.

"ამ ხნის განმავლობაში პროკურატურამ ყველა იმ საჩივრის იდენტიფიცირება დაასრულა, სადაც იყო პრეტენზია იძულებით ნაჩუქრობაზე, იძულებით მიყიდვაზე. საქმეები კატეგორიებად დაიყო. შეფასდა, რა ოდენობის ზიანზეა საუბარი, იძულებით გადაცემული თუ მიყიდული ქონებიდან რამდენია სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩენილი, რამდენია გასხვისებული. ამის საფუძველზე შესაძლებელი გახდა ითქვას, თუ რას და რამდენს მოერევა სახელმწიფო. ეს საქმე დასრულებულია. ახლა უნდა დაიწყოს ყველა კონკრეტულ შემთხვევაში საქმის სამართლებრივი შესწავლა-გამოძიება იმის დასადგენად, მაგალითად, კონკრეტულ პირს აიძულეს თუ არა ქონების სიმბოლურ ფასად ვინმესთვის მიყიდვა, რაც სახელმწიფოს არ გადასცემია. ასეთ შემთხვევაში ქონებრივი დავა შეიძლება ორ სუბიექტს შორის იყოს, მაგრამ ის, ვინც აიძულა, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს. თუ გაიძულეს, რომ ქონება სახელწიფოსთვის საჩუქრად გადაგეცათ, სისხლის სამართლის დევნა უნდა დაიწყოს მის მიმართ, ვინაც ეს გაიძულათ. აქ უკვე ქონებრივი დავა კონკრეტულ პირსა და სახელმწიფოს შორის იქნება და თუ ქონება დღესაც სახელწიფოს საკუთრებაშია, შეიძლება დაბრუნდეს. თუ სახელმწიფოს ასეთი ქონება გაასხვისა და დადგინდა, რომ ჩუქება იძულებით იყო განხორციელებული, მაშინ სახელმწიფომ ზიანი უნდა აანაზღაუროს. ეს ყველაფერი შესწავლას საჭიროებს. მოხდა ამის შესახებ ინფორმაციის მოსმენა, იყო გეგმაზე საუბარი. შეხვედრა ნაყოფიერი იყო", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

მთავარი პროკურატურისა და პარლამენტის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმირებულია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ ებანოიძე. "აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები მიდის. ქონების დაბრუნების ნაწილში არის დასაანგარიშებელი, რა მოლოდინები გვაქვს. პროკურატურაში ამ მიმართულებით უამრავი განაცხადია შესული. იხილება იურიდიული თემები. ამ ყველაფერს დათვლა სჭირდება", - აცხადებს დეპუტატი.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავარ პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი იქმნება. "საქართველოს პროკურატურაში შესულია ათასობით განცხადება სამართალწარმოების განხორციელების პროცესში მოქალაქეების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის, იძულების, აგრეთვე ქონების იძულებით დათმობის სავარაუდო ფაქტების არსებობის შესახებ. აღნიშნულ ფაქტებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ უმთავრეს ვალდებულებას წარმოადგენს, სწორედ ამ ვალდებულების შესასრულებლად იქმნება ხსენებული დეპარტამენტი. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ახლად შექმნილი დეპარტამენტი უზრუნველყოფს როგორც ზემოთ მითითებული სავარაუდო დანაშაულის ფაქტების გამოძიებას, ასევე გამოძიების პროცესში საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელებასა და საქმის სასამართლოში წარმართვის შემთხვევაში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას", - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

თებერვალში გაიმართება საჯარო პრეზენტაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები დაესწრებიან.