ტენდერები, რომლებიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს

"მარტო გზების დაგებისას ასეულობით მილიონია მითვისებული"

საეჭვო ტენდერების თემა საქართველოში კარგა ხანია აქტუალურია, თუმცა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის მოადგილემ, თემურ მაისურაძემ ამ თემას ახალი ნიუანსები შესძინა. 2012-2014 წლებში ჩატარებული ტენდერების საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ, თემურ მაისურაძე იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ბევრი მათგანი სერიოზულ ეჭვებს ბადებს. როგორც მაისურაძე  bpn.ge-სთან საუბრისას აცხადებს, ეს ტენდერები სამართალდამცავი ორგანოების შესწავლის საგანი უნდა გახდეს.

- მე მხოლოდ 2012-2014 წლებში ჩატარებული და შესრულებული ტენდერები შევისწავლე. ზოგიერთი კომპანია ტენდერის პირობებს საერთოდ არ ასრულებდა, ნაწილმა შესრულების ვადა არაერთხელ გადადო, კიდევ ერთი ნაწილი კი - სამუშაოებს აძვირებდა. ავიღოთ თუნდაც ფირმები - "კავკასავტომაგისტრალი" და "იბოლია", რომლებსაც შუქურეთი-უსახელო-კორბოულის საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია ევალებოდათ, სამუშაო უნდა დაწყებულიყო 2012 წელს და დასრულებულიყო 2013 წელს - ანუ დაახლოებით რვა თვეში. რეალურად, გადავადება მოხდა 684 დღით. აქვე უნდა დასახელდეს შპს "ზუგდიდის საგზაო სამმართველო", რომელსაც გადავადება აქვს 21,5 თვით. დაკვეთა 14 თვეში უნდა დაესრულებინათ და თითქმის ორჯერ მეტი დრო დასჭირდათ მის შესასრულებლად. დაგვიანების, ან ტენდერის პირობების შეუსრულებლობის ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ გამარჯვებულ ფირმებს ხშირად არ ჰქონდათ საკმარისი ტექნიკა, რის გამოც სხვა ორგანიზაციების ტექნიკას ქირაობდნენ. როგორი იყო ამ სამუშაოების ხარისხი - ეს კიდევ ცალკე თემაა. არის ასეთი კომპანია - შპს "ბილდერ ჯგუფი", რომელიც თბილისის მერიის დაკვეთას ასრულებდა. ამ კომპანიას სათამაშო მოედნების მოწყობა ევალებოდა, მაგრამ იმის გამო, რომ სამუშაოებს ვერ ასრულებდა, 2014 წელს ხელშეკრულება შეუწყვიტეს. ანალოგიური დარღვევები ჰქონდა შპს "ფესტ ჯგუფს", რომელსაც ასევე მოედნების მოწყობა ევალებოდა და "შავ სიაში" მოხვდა. ამავე სიაშია შპს "გზამშენი-5", რომელსაც სამი გადავადება აქვს. შპს "ინდუსტრია 2", რომელსაც 2,9 მილიონის სამუშაო უნდა შეესრულებინა და მხოლოდ 1,7 მილიონის ღირებულების შეასრულა.

- თქვენ გამოთქვით ეჭვი, რომ ისინი საქმეს ხელოვნურად აფერხებდნენ, რის გამოც ქვეყნის ბიუჯეტი ზარალდებოდა.

- ამ კომპანიებს სამუშაოები აღებული აქვთ 2013 წელს, ჯერ კიდევ ახალი ხელისუფლების მოსვლამდე და უნდა დაესრულებინათ ახალი ხელისუფლების დროს. სწორედ ეს იწვევს ეჭვს, რომ ზოგიერთი ამას ხელოვნურად აკეთებდა. როცა ტენდერში ვიმარჯვებ და მერე უარს ვამბობ სამუშაოს შესრულებაზე, ან როცა არასათანადოდ ვასრულებ, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ გადავწიე ვადა და დამკვეთიც იძულებულია ამ დარღვევებს შეეგუოს, რა თქმა უნდა, ამის გამართლება არ შეიძლება და საბოლოოდ, ბიუჯეტის შესრულებაზე აისახება. არსებობს სხვა ტიპის დარღვევაც: სპეციალურად მივიღე მონაწილეობა, გავიმარჯვე და ჩავაგდე ტენდერი, ამის გამო კი, ბიუჯეტმა იზარალა. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ზოგჯერ სამუშაო შესრულებულია, მაგრამ ძალიან უხარისხოდ. ამ დროს სახელმწიფო ორმაგად ზარალდება, იმიტომ, რომ 2-3 წელიწადში ყველაფერი თავიდან იქნება გასაკეთებელი. ამის ყველაზე ნათელი ნიმუშია თბილისის გზები. ჩვენ ყველანი დავდივართ ამ გზებზე და ვიცით, რა მდგომარეობაშია ისინი: ჭები ან ამოწეულია, ან ჩაწეული, ამის გამო ავარიებიც ხდება იმიტომ, რომ მძღოლი ცდილობს მანქანა დაბრკოლებებს ააცილოს. ნაწილობრივ, სწორედ ჭებისა და ორმოების არსებობა იწვევს საცობებს, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ძალიან ბევრ ადამიანს მანქანა უზიანდება. ფაქტია, რომ ვიღაცამ ეს გზები დააგო, სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტს ხელი მოაწერა და ეს ადამიანი დღესაც დაუსჯელია.

- რა მდგომარეობაშია ახლა ეს გზები?

-  რეალურად ეს გზები ხელახლა დასაგებია მაშინ, როცა მინიმუმ 10 წლის გარანტია უნდა ჰქონოდა. ამ სფეროს საფუძვლიანად თუ შევისწავლით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი აშკარად იკვეთება. თბილისის გზები არცერთ სტანდარტში არ ჯდება და ეს პროკურატურის შესწავლის თემა უნდა გახდეს. საერთოდ, ასფალტის სისქე უნდა იყოს 5 სანტიმეტრი, რომ გზას რაიმე გარანტია ჰქონდეს. ვერავინ იპოვის ადგილს დედაქალაქში, სადაც ამ სისქის ასფალტია დაგებული, იგივე ითქმის გზების სიგანეზეც. მთელ საქართველოში გზების მშენებლობაზე მილიონები კი არა, ასეულობით მილიონია მითვისებული.

- ძირითადად გზების დაგების დროს ხდებოდა ასეთი მძიმე დარღვევები?

- არა მარტო გზების. ანალოგიურ დარღვევებს ვხვდებით მუნიციპალური თუ ადმინისტრაციული შენობების აგების დროს, სკოლების სარემონტო სამუშაოებზე და ა.შ. ავიღოთ თუნდაც ქუთაისის პარლამენტი - მის ასაშენებლად გამოყენებულია ძალიან იაფი მასალები, რომელთა ღირებულებაც დოკუმენტაციაში სულ სხვაა. ამასთან ერთად, ყველაფერი ძალიან უხარისხოდაა შესრულებული. ნახეთ თუნდაც პარლამენტის მისასვლელი, სადაც ყველა ფილა დამტვრეულია. წყალი შენობაში დღესაც ჩამოდის. შემიძლია სათითაოდ ვაჩვენო ყველას ეს დარღვევები, რადგან ეს არ არის კრიმინალი, როცა ხანგრძლივი გამოძიება, ან დნმ-ის ანალიზია საჭირო, როცა დამნაშავეს ვერ პოულობენ, აქ დანაშაულის დამტკიცება ძალიან მარტივია.

- საინტერესოა, რა ხდება ახლა? - როგორ სრულდება "ქართული ოცნების" დროს გაფორმებული ტენდერები?

- "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ გაფორმებული ტენდერებიდან ზოგი ამ წლის ბოლოს უნდა დასრულდეს და ზოგი - მომავალი წლის ბოლოს. ეს სამუშაოები როცა შესრულდება, მერე გვექნება მიზეზი იმაზე სასაუბროდ, თუ რა გააკეთა ახალმა ხელისუფლებამ. ამ ეტაპზე კი ტენდერების აბსოლუტური უმრავლესობა ჯერ კიდევ ძალაშია, სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ფაქტია, რომ "ქართულმა ოცნებამ" ბიუჯეტი როცა დაგეგმა, ვერ გაითვალისწინა ის, რომ წინა წლებში გამარჯვებული კომპანიები ტენდერებს ჩაუგდებდნენ. ამიტომ ვფიქრობ, ეს მასალები პროკურატურას უნდა გადაეცეს, მაგრამ ჯერ დარღვევები სამართლებრივი გზით უნდა შეფასდეს, შეფასების უფლება ჩვენ არა გვაქვს. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი ყველაფერს საფუძვლიანად შეისწავლის და ამის შემდეგ უკვე პროკურატურამ უნდა გაარკვიოს, შეიცავს თუ არა რომელიმე ტენდერი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

ხათუნა ჩიგოგიძე