15 ათასზე მეტი დასახელების მედიკამენტიდან ფასები 100-მდე პრეპარატზეა გაზრდილი

მედიკამენტებზე ფასების ზრდის ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, პროცესში სახელმწიფო ჩაერთვება.

როგორც მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ ჯანდაცვის მინისტმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, ასეთ შემთხვევაში პირველადი მოხმარების პრეპარატებზე სახელმწიფო დოტაციას მოახდენს, რათა ფასები შეინარჩუნოს და რიგ შემთხვევაში, დაწიოს კიდეც.

"არსებულ მდგომარეობაში, 15 ათასზე მეტი დასახელების მედიკამენტიდან მხოლოდ 100-მდე პრეპარატზეა ფასები გაზრდილი და ამ შემთხვევაშიც, საშუალოდ 7-დან 10%-მდე. ჯანდაცვის სამინისტროს მზად აქვს სამოქმედო გეგმა. თუ პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე ფასები კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, ამ შემთხვევაში ესენციურ მედიკამენტებზე სახელმწიფო გაზრდის დოტაციას, რათა შეინარჩუნოს ფასი და რიგ შემთხვევაში, დაწიოს კიდეც", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.