ირაკლი ღარიბაშვილი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეკონომიკურ გუნდს მოუწოდებს, მოსალოდნელი ტენდენციების შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია წინმსწრებად მიაწოდოს.

შესაბამისი განცხადება პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია დაავალა. "საჭიროა, რომ უფრო მეტი კომუნიკაცია გვქონდეს ხალხთან. მოსახლეობას ავუხსნათ ის ტენდენციები, რომელიც მომავალში გამოიკვეთება და წინმსწრებად მივაწოდოთ მათ ინფორმაცია. ასე რომ, მოგიწოდებთ ამის თაობაზე", - მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს.

რაც შეეხება ზოგად ეკონომიკურ ვითარებას, მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებაზე გავლენას რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ახდენს.  "ჩვენ რეალობა არ უნდა დავივიწყოთ - ის, რაც ხდება მსოფლიოსა და რეგიონში, რა თქმა უნდა, აისახება ჩვენს ეკონომიკურ ვითარებაზე. ჩვენც ამის შესაბამისად უნდა დავგეგმოთ მიმდინარე წელი", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.