რა უშლის ხელს საქართველოში სამვარსკვლავიანი სასტუმროების განვითარებას?

"2016 წელს ამ ტიპის საკმაოდ ბევრი სასტუმროს მშენებლობა დასრულებული და ექსპლუატაციაში შესული იქნება"

ტურიზმის განვითარება ერთი-ერთი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, თუმცა ტურისტის მოსაზიდად მხოლოდ საინტერესო ადგილების სიმრავლე საკმარისი არ არის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ხელმისაწვდომი სასტუმროა. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ტურისტების ყველაზე დიდი მოთხოვნა სწორედ საშუალო დონის სასტუმროებზე მოდის. თუმცა, ამ მხრივ საქართველოში დიდი არჩევანი ნამდვილად არ არის.

უძრავი ქონების მართვის სერვისების კომპანია "კოლიერს ინტერნეიშენელის" კვლევების მიხედვით, საქართველოში სასტუმროების ბიზნესის თვალსაზრისით ასეთი მდგომარეობაა: 16,786 სასტუმრო ოთახი და 39,108 საწოლი. ოთახების მიწოდებით ლიდერი ქალაქებია: თბილისი - 21% და ბათუმი - 15%. 2015 წლის ბოლომდე კი ოთახების მიწოდება 2,635 ერთეულით გაიზრდება. კომპანიის ინფორმაციით, თბილისში ეკონომკლასის სასტუმროების საერთაშორისო ბრენდები წარმოდგენილი არ არის. ბაზარზე ამ სეგმენტის მხოლოდ ადგილობრივი სასტუმროებია და თბილისს ამ სეგმენტში ბაზრის დაახლოებით 38% უკავია.

რა მდგომარეობაა ქვეყანაში სასტუმროების ბიზნესის განვითარების კუთხით და დაინტერესებულია თუ არა ბიზნეს სექტორი საშუალო დონის სასტუმროების მშენებლობით? - ამის შესახებ bpn.ge-ს უძრავი ქონების მართვის სერვისების კომპანია "კოლიერს ინტერნეიშენალის" წარმომადგენელი, ზაზა ბაიაძე ესაუბრა.

- სასტუმროების ნაწილში ყველაზე დიდი მოთხოვნა სამვარსკვლავიან და ე.წ. ბაჯეტ ანუ ეკონომკლასის სასტუმროებზე მოდის. კომპანია შენობას იმ პარამეტრებით აშენებს, რაც ბაზარზე კონკრეტული ოპერატორის შემოსაყვანად არის საჭირო. შემდეგ მართვაში გადასცემს საერთაშორისო ოპერატორებს, რომლებიც ევროპასა და ამერიკაში სამვარსკვლავიან სასტუმროებს მართავენ. აქამდე ჩვენთან სამვარსკვლავიანი სასტუმროები არ იყო, მხოლოდ ძვირადღირებული და საოჯახო ტიპის სასტუმროები მოქმედებდნენ.

- ზოგადად, რამდენად არის განვითარებული სამვარსკვლავიანი სასტუმროების ბიზნესი?

- სხვათა შორის, ტურისტების ყველაზე დიდი მოთხოვნა როგორც ყველგან, ისე საქართველოში, სწორედ ამ სეგმენტზეა. 4-5-ვარსკვლავიან სასტუმროში გაჩერების სურვილი ტურისტების დიდ ნაწილს არ აქვს. ისინი საშუალო დონის სასტუმროებს ეძებენ, რისი ნაკლებობაც ქვეყანაში ნამდვილად არის. გაცილებით დიდი მოთხოვნაა ბაჯეტ ტიპის სასტუმროებზე. ბოლო ერთი წელია, რაც შესაბამისი საინვესტიციო ჯგუფები ამ კუთხით აქტიურად მუშაობენ. ქვეყანაში სამვარსკვლავიანი სასტუმროების მშენებლობები საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს, ზოგი უკვე დასრულების ფაზაშია, ზოგიც ახლა დაიწყო. ვფიქრობ, 2016 წელს ამ ტიპის საკმაოდ ბევრი სასტუმროს მშენებლობა დასრულებული და ექსპლუატაციაში შესული იქნება, რაც ტურიზმის განვითარებას ხელს კიდევ უფრო შეუწყობს.

- ანუ აქამდე იმიტომ ვერ ვითარდებოდა ეს სეგმენტი, რომ მოთხოვნა არ არსებობდა?

- ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები ყველა ქვეყანაში რაოდენობრივად ჩამოუვარდება სამვარსკვლავიანს. 5-ვარსკვლავიანი სასტუმროებით ტურისტების მხოლოდ მცირე ნაწილი სარგებლობს. ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ ტურიზმზეა ორიენტირებული ასეთი ტიპის სასტუმროები, ისინი მეტწილად ბიზნეს და სახელწმიფო დელეგაციების შეხვედრებისთვის არის გათვლილი. რაც შეეხება ბაჯეტებს და სამვარსკვლავიან სასტუმროებს, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად არის განვითარებული ტურიზმი. შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად ტურიზმის განვითარებამ, უფრო ზუსტად ტურისტული ნაკადის ზრდამ, ბოლო 5-6 წლის განმავლობაში საგრძნობლად გაუსწრო ინფრასტრუქტურულ განვითარებას ამ სფეროში. ტურისტების 70-80% საშუალო დონის მომხმარებელზე მოდის, რომელსაც თანხის გადახდა ხუთვარსკვლავიანში არ სურს და უპირატესობას სამვარსკვლავიან სასტუმროს ანიჭებს. აგვისტოს ომის შემდეგ ეს სფერო მეტ-ნაკლებად განვითარდა. საქართველოში მეტი ვიზიტორი ჩამოდის. შესაბამისად, მეტი ნომერია საჭირო. თუმცა, საშუალო კლასის სასტუმროს არარსებობა ტურისტს იძულებულს ხდის, რომ დაბალი კლასის სასტუმროში წავიდეს ან პირიქით, მაღალი კლასის და იმაზე მეტი გადაიხადოს, ვიდრე სურს.

- რაც შეეხება რეგიონებს, როგორი ვითარებაა ამ მხრივ რეგიონებში?

- რეგიონებში საქმე რთულად არის. რიგ ტურისტულ ადგილებში სამვარსკვლავიანი კი არა, შეიძლება საოჯახო ტიპის სასტუმროც არ იყოს. უძრავი ქონების ეს სეგმენტი ასათვისებელია. ტურიზმის თვალსაზრისით, მეტ-ნაკლებად კახეთია განვითარებული. უხეში გათვლებით, 10-დან 7 ტურისტი ჯერ კახეთში მიდის და შემდეგ სხვა ადგილებში. კახეთი საბაზისო პაკეტივით არის ტურისტებისთვის. ამან გამოიწვია ამ რეგიონის განვითარება. ზოგადად ბაჯეტ ტიპის სასტუმრო ქვეყანას აკლია. ეს მომგებიანი ბიზნესია და საჭიროა მისი განვითარება. ყველაფერს სახელმწიფოს ვერ მოთხოვ. მართალია, ჩავარდნილი რეგიონი უნდა წაახალისო, თუმცა მიმაჩნია, რომ კახეთი, ყაზბეგი და სვანეთი ამას აღარ საჭიროებს. იქ ეს სფერო საკმაოდ განვითარებულია.

სალომე გოგოხია