Johnson & Johnson რუსეთში ჰიგიენურ საშუალებებს აღარ შეიტანს

მსოფლიოში ჯანმრთელობის პროდუქტების უმსხვილესი ამერიკული მწარმოებელი, Johnson & Johnson რუსეთში პირადი მოვლის საშუალებების მიწოდებას აჩერებს.

J&J-მა რუსეთში ინვესტიციები, რეკლამირება და კლინიკური კვლევები ჯერ კიდევ მარტის დასაწყისიდან შეწყვიტა, ახლა კი, „ჰუმანიტარული კრიზისის მზარდი მასშტაბის გამო,“ კომპანია დამატებით ზომებს იღებს.

J&J უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად ჰუმანიტარულ შემოწირულობას 5 მილიონიდან 10 მლნ დოლარამდე ზრდის.

კომპანია უკრაინაში თავისი თანამშრომლებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერას განაგრძობს. მათ შეუნარჩუნდათ სამუშაო, ასევე, უზრუნველყოფილი არიან ტრანსპორტით, საცხოვრებლითა და ფინანსური დახმარებით.

„ჩვენ კრიზისის სწრაფად დასრულების იმედი გვაქვს და დამატებითი ჰუმანიტარული დახმარებისთვის მზად ვართ,“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

J&J სამედიცინო მოწყობილობებსა და აღჭურვილობას, მედიკამენტებს, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის პროდუქტებს აწარმოებს.

სამომხმარებლო პროდუქციის სეგმენტში კომპანიის პორტფელი Clean & Clear-ს, Johnson's-ს, o.b.-ს, Carefree-ს, Neutrogena-ს და სხვა ბრენდებს მოიცავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ