პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის ზრდის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ანგარიში მოისმინა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მთავრობის ეკონომიკური გუნდისგან ანგარიში მოისმინა.

როგორც მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, აღნიშნული მიზნით არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. "მთავრობა მუშაობს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებულად. ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც ვმუშაობთ არის მოკლევადიან რეჟიმში ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდა და აქ გვაქვს დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები. ასევე ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად ვმუშაობთ ამ მიმართულებით არსებული პორტფელის მონიტორინგზე და მეორე მხრივ, ზეგეგმური პროექტების დაგეგმაზე, რათა დონორებთან ერთად მოხდეს დამატებითი პროექტების განხორციელება, რომ წახალისდეს ეკონომიკური ზრდა, როდესაც ქვეყნის გარშემო მაინცდამაინც სახარბიელო სიტუაცია არ გვაქვს. ასევე ვმუშაობთ ექსპორტის წახალისების მექანიზმებზე - გუშინ გვქონდა განხილვა რამდენიმე ცნობილი საერთაშორისო ექსპორტის წამახალისებელი ინსტიტუტის წინადადების და ალბათ, ერთ-ერთზე შევჩერდებით. აპრილის შუა რიცხვებამდე ვგეგმავთ, რომ საპარტნიორო ფონდის ბაზაზე დაიგეგმოს ექსპორტის წამახალისებელი ერთეულის ფუნქციონირება. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საგადამხდელო ბალანსის გაუმჯობესებას. ამასთან ერთად, გვაქვს კიდევ სხვა ისეთი ღონისძიებები დაგეგმილი, როგორიცაა სამშენებლო სექტორის წამახალისებელი ღონისძიებები, რაც ვფიქრობ, ასევე დადებით შედეგს გამოიღებს. სიტუაცია სახარბიელო ნამდვილად არ არის ქვეყნის გარშემო, ექსპორტის მაჩვენებლები გასული წლის ბოლოს და წლის დასაწყისში დეფიციტურია - არის მნიშვნელოვანი კლება, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ღონისძიებების შედეგად ეს ეფექტი იქნება მინიმიზირებული და მოკლევადიან, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში გამოვასწორებთ და დავაბალანსებთ არსებულ სიტუაციას”, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.