მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება

თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება.

ამის შესახებ გერმანულ გამოცემა Zeit-თან ინტერვიუში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. "ჩვენ არ ვართ ვალდებული შევუერთდეთ ევროკავშირის სანქციებს, რუსეთი ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორია, თუ საჭირო გახდება, ზომებს დამოუკიდებლად მივიღებთ", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

მისივე თქმით, ევროპა არასწორად იქცევა სანქციების დაწესების კუთხით, მაშინ როდესაც ევროპელი ბიზნესმენები რუს კოლეგებთან თანამშრომლობას განაგრძობენ. "გერმანია ან რომელიმე ევროპული ქვეყანა უარს იტყვის რუსულ გაზზე? მოდით რეალისტები ვიყოთ. ყველა ქვეყანამ თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს", - აღნიშნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.