პრეზიდენტის სიძის იოლი მილიონები

”გაზრდილი ტარიფების ხარჯზე ყოფილი პრეზიდენტის სიძის კომპანია არათუ 100, არამედ 200-300 პროცენტიან მოგებაზე მუშაობდა”

ბევრისთვის ბნელი, ზოგიერთისთვის კი ტკბილი 90-იანი წლების ბოლოსკენ, როცა საქართველოს თითქმის მთელი მოსახლეობა კვლავაც „ტურბოს“ ნავთქურით თბებოდა, დენის მოსვლას კი სიხარულის ყიჟინა მოყვებოდა, როცა მსოფლიო თანამედროვე ტენდენციებს წლობით ჩამოვრჩებოდით, საქართველოს ფიჭური კავშირგაბმულობის ახალშექმნილ ბაზარზე რიგით მეორე მოთამაშე, სატელეკომუნიკაციო კომპანია ”მაგთიკომი” გამოჩნდა. საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის სიძის, გია ჯოხთაბერიძის კუთვნილმა კომპანია „მაგთიკომმა“ კომერციული საქმიანობა სწორედ 1997 წელს დაიწყო.

სოხუმში დაბადებულმა და გაზრდილმა ჯოხთაბერიძემ, სკოლის შემდეგ სწავლა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გააგრძელა, ასპირანტურა კი მოსკოვში, საინჟინრო-ფიზიკურ ინსტიტუტში დაამთავრა. განსხვავებით ბევრი ქართველისგან, ვინც სასწავლებლად დიდ რუსეთს მიაშურა და სწავლის დამთავრების შემდეგ ”მეორე სამშობლოდ” რუსეთი აირჩია, გია ჯოხთაბერიძე სამშობლოში დაბრუნდა და, როგორც შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენა, არც შემცდარა - წინ არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოს პრეზიდენტის ოჯახის წევრობა ელოდა.

თბილისში ახლადდაბრუნებულმა გია ჯოხთაბერიძემ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ლექტორად დაიწყო მუშაობა, „გარდაქმნის“ პერიოდში კი მეგობართან ერთად კომიუტერულ სფეროში საქმიანობა წამოიწყო - „ვაკეთებდით პროგრამულ უზრუნველყოფას კომპიუტერებისთვის“, - იხსენებს ჯოხთაბერიძე.

„მაგთიკომის“ დაარსება გია ჯოხთაბერიძემ 1996 წელს გადაწყვიტა და მიზანი მალევე მოიყვანა სისრულეში. „ფიჭურ სისტემებზე მუდამ ვფიქრობდი. სულ თავიდან მივედი კავშირგაბმულობის მაშინდელ მინისტრთნ და ვუთხარი, რომ არსებობდა ამის გაკეთების შესაძლებლობა. მან ათასი მიზეზით გადამიდო პასუხი, მაგრამ მე ფარ-ხმალი არ დამიყრია და დავიწყე პარტნიორების ძებნა მთელ მსოფლიოში. ბოლოს მივაგენი „მეტრომედია ჯგუფს“, რომლის მფლობელი მსოფლიოში განთქმული ბიზნესმენი კონ კლუგეა, რომელსაც ჯერ კიდევ 30-იან წლებში ჰქონდა თავისი რადიოსადგურები. „მეტრომედიას“ პრეზიდენტი რიჩარდ შერვინი კი თვითონ ჩამოფრინდა საქართველოში, რათა მონაწილეობა მიეღო GSM-ის სისტემის აშენებაში. ეს იყო 1996 წლის ივლისი“, - იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში „მაგთიკომის“ დამაარსებელი.

დაფუძნებიდან ორიოდ წელიწადში, გია ჯოხთაბერიძის კუთვნილი კომპანია, საქართველოს მობილური კავშირგაბმულობის მეორე ოპერატორთან, „ჯეოსელთან“ ერთად, ამ ბაზრის მონოპოლისტი გახდა. ორივე კომპანია მომხმარებელს ფაქტობრივად შეთანხმებულ, საკმაოდ მაღალ, თითქმის ერთნაირ ტარიფს სთავაზობდა. 1997 წლიდან ათი წლის განმავლობაში „მაგთისა“ და „ჯეოსელის“ ტანდემმა დუოპოლიის (რაც ბაზარზე მხოლოდ ორ მოთამაშეს ნიშნავს) ტიპური მაგალითი შემოგვთავაზეს. ბევრი ეკონომიკური ექსპერტის აზრით, ტარიფები მაშინ ხელოვნურად იყო გაზრდილი, რომელიც მძიმე ტვირთად აწვებოდა მოსახლეობის ჯიბეს და მძაფრ პროტესტს იწვევდა, თუმცა ჯოხთაბერიძის პრეზიდენტის კარზე გავლენის გამო, ეს პროტესტი საპნის ბუშტივით ქრებოდა ჰაერში. გაზრდილი ტარიფების ხარჯზე ყოფილი პრეზიდენტის სიძის კომპანია არათუ 100, არამედ 200-300 პროცენტიან მოგებაზე მუშაობდა, ვიდრე კომუნიკაციების ეროვნულმა კომიასიამ კვლევა არ წამოიწყო, რომლის მიზანიც ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიების მიერ დადგენილი არაადეკვატური ტარიფები იყო. „მაგთი“ და „ჯეოსელი“ მაღალი ტარიფების დაწესების გამო არ დაჯარიმებულან, რადგან მაშინ არ არსებობდა მარეგულირებლის მიერ დადგენილი ზღვრული ფასები, რის გამოც მათ ჰქონდათ თავისუფლება ტარიფებთან დაკავშირებით. 2011 წლამდე, „მაგთის“ ხელოვნურად გაბერილი ტარიფი შემდგნაირად გამოიყურებოდა 1 წუთი - 32 თეთრი, რაც „ჯეოსელის“ ტარიფზე რამდენიმე თეთრით მეტი იყო.

ამიტომ გასაკვირიც არ არის, რომ „მაგთის“ დაარსებიდან ძალიან მალე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სიძე საქართველოში მცხოვრებ იმ თითზე ჩამოსათვლელ მილიარდერებს შორის მოხვდა, ვინც ქონება გასაოცარი სისწრაფით დააგროვა. გია ჯოხთაბერიძის ქონება რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა გამოცემამ 1 მილიარდ დოლარად შეაფასა და ქართველი მილიარდერების ათეულში მე-9 პოზიციაზე დაასახელა. 2010 წელს კი რუსულმა RBK-მა პოსტსაბჭოთა სივრცის უმდიდრესი ადამიანების ასეულში შეიყვანა - 99-ე პოზიციაზე მყოფი გია ჯოხთაბერიძის კაპიტალი, რუსული გამოცემის ინფორმაციით, 1,02 მილიარდი დოლარი იყო.

თავად ქართველი მილიარდერი საკუთარ ქონებას და ბიზნესში წარმატებას ყოფილ პრეზიდენტს პირდაპირ არ უკავშირებს, თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში გულწრფელად აღიარებს, შევარდნაძის სიძე რომ არ ყოფილიყო, შესაძლოა, ბევრი დაბრკოლება ჰქონოდა. ძნელია, არ დაეთანხმო „მაგთის“ დამფუძნებელს - რომ არა ედუარდ შევარდნაძის ოჯახის წევრობა, ის ვერც დაბრკოლებებს აარიდებდა თავს და ვერც იოლად ნაშოვნ მილიონებს დააგროვებდა. ფაქტია, რომ ყველაზე დიდი ფული გია ჯოხთაბერიძემ სწორედ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, კორუფციულ და როგორც პირდაპირ, ისე გადატანითი მნიშვნელობით, ბნელ საქართველოში იშოვა.

გია ჯოხთაბერიძისა და ედუარდ შევარდნაძის ოჯახის გზები 1994 წელს გადაიკვეთა, როდესაც დამწყებმა ბიზნესმენმა მანანა შევარდნაძეზე იქორწინა და ეს ქორწინება საკმაოდ სარფიანადაც გამოიყენა. „ოჯახი ძალიან ნიშვნელოვანია საქმიანი კაცისთვის, ოჯახური სიმშვიდე და სიმყუდროვე პრაქტიკულად ყველაფერს განაპირობებს. მე ბედნიერი კაცი ვარ, რომ ცხოვრების გზაზე მანანა შევარდნაძეს შევხვდი. მაგრამ ოჯახი ერთია, საქმე კი - სულ სხვა რამ. ბუნებრივია, რომ შევარდნაძის გვარი ბევრ რამეს განაპირობებს ჩვენს ცხოვრებაში. საქართველოში მის გამო შეიძლება პრობლემებიც შემხვედრია. როცა მე ბიზნესი დავიწყე და საკმაოდ წარმატებულიც, ედუარდ შევარდნაძის სიძე არ ვიყავი. მეორე მხრივ კი, გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ პრეზიდენტის ოჯახის წევრობა ბევრ რამეში დიდად მეხმარება, განსაკუთრებით უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში. ცხადია, მეტად გენდობიან“, - აცხადებდა რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში გია ჯოხთაბერიძე. მასზე კი თავად ყოფილი პრეზიდენტი ამბობდა: გია საკუთარი შვილივით მიყვარსო.

ასევე, დღემდე კვლავ ბუნდოვანია „მაგთის“ მესაკუთრეთა სტრუქტურა. კომპანიის პირდაპირი მფლობელები ამჟამად Telcell Wireless LLC და International Telcell Cellular არიან. ორივე მათგანი დელავერში რეგისტრირებული კომპანიაა. აშშ-ის დელავერის შტატში იურიდიული პირის დარეგისტრირება კი შესაძლებელია ისე, რომ რეგისტრატორმა, დირექტორებმა ან მფლობელებმა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ წარმოადგინონ.

2012 წელს, „საერთშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთან“ საუბრისას, კომპანიის პრეზიდენტმა დევიდ ლიმ დაადასტურა, რომ ყოფილი პრეზიდენტის სიძე „მაგთის“ აქციების 51%-ის მფლობელია. აქციების 3%-ს „მაგთის“ ყოფილი მენეჯერები ფლობენ, დანარჩენ ნაწილს კი გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი სხვადასხვა იუდირიული პირებისა და სატრასტო კომპანიების საშუალებით.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ”მაგთის” პრეზიდენტი დევიდ ლია, როგორც ამბობენ, ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას კომპანიაში დღესაც თავად გია ჯოხთაბერიძე იღებს. იგი დღემდე რჩება „მაგთის“ ერთპიროვნულ ლიდერად - ხელმძღვანელად, რომლის თანხმობის გარეშეც კომპანიაში ყველაზე დაბალი რანგის თანამშრომელსაც კი არ იღებენ. და კიდევ, „მაგთიში“ მუშაობის დაწყების ერთ-ერთი აუცილებელი პირობა, ეს ისევ „მაგთიში“ დასაქმებულებთან კარგი ნაცნობობა და მათი რეკომენდაციაა, რადგან როგორც ამბობენ, გია ჯოხთაბერიძეს „ქუჩიდან მისულების“ სამსახურში აყვანა მაინცდამაინც არ სიამოვნებს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სიძე არც ბიზნესწრეებში გამოირჩევა სანდო პარტნიორის სახელით. როგორც ამბობენ, გია ჯოხთაბერიძე ხშირად თამაშობს საქმიანი გარიგებების წესების დარღვევით და საკუთარი ახირებების გამო, ხშირად შლის ბოლომდე მიყვანილ მოლაპარაკებებს.

გია ჯოხთაბერიძის სახელს და სკანდალს უკავშრდება 90-იანი წლების ბოლოს რუსთავის „აზოტის“ შეძენაც - პრეზიდენტის სიძის კუთვნილმა კომპანიამ 1997 წელს გამართული ტენდერის მეშვეობით, რომლის ერთადერთი მონაწილეც „მაგთი“ იყო, სახელმწიფოსგან 100 ათას ლარად შეიძინა რუსთავის „აზოტი“ მაშინ, როცა მისი იმდროინდელი აქტივების ღირებულება რამდენიმე მილიონს აღწევდა. მართლია, „აზოტის“ შეძენიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ჯოხთაბერიძემ ეს აქტივი სახელმწიფოს დაუბრუნა, თუმცა მისმა კომპანიამ სააქციო საზოგადოება ”აზოტის” ყიდვითა და შემდეგ სახელმწიფოსთვის დაბრუნებით, რამდენიმე მილიონი მოიგო.

„ვარდების რევოლუციის“ და საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლის მერე, „მაგთიკომის“ დამფუძნებელს ბრალად 700 ათასი ლარის ოდენობის გადასახებისთვის თავის არიდება წაუყენეს. ედუარდ შევარდნაძის მილიარდერი სიძე თბილისის აეროპორტში იმ დროს დააპატიმრეს, როცა ამერიკაში პარტნიორთა შეკრებაზე მიფრინავდა. 2004 წლის მარტში სასამართლომ გია ჯოხთაბერიძეს 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებას ედუარდ შევარდნაძის ქალიშვილმა მანანა შევარდნაძემ პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და განაცხადა, რომ შევარდნაძეების ოჯახის მიმართ პოლიტიკური ტერორი დაიწყო. მანანა შევარდნაძე ქვეყნის დატოვებითაც იმუქრებოდა, თუმცა მას შემდეგ რაც გია ჯოხთაბერიძემ თავისუფლებაზე ყოფნის სანაცვლოდ, სახელმწიფო ბიუჯეტში 15,5 მილიონი დოლარი გადაიხადა, ჯოხთაბერიძეების ოჯახი საქართველოში დარჩა და ბიზნესსაქმიანობა გააგრძელეს.

ბოლო ხანებში გია ჯოხთაბერიძის სახელს დაუკავშირდა გუდიაშვილის ქუჩაზე სახვითი ხელოვნების მუზეუმის აშენებაც. სამშენებლო პროექტი ცნობილმა გერმანულმა კომპანიებმა W+P და Plan Forward-მა დააპროექტეს. მიწის ნაკვეთი, რომლის ტერიტორიაზეც ადრე ყოფილი მხატვრის სახლი იყო, შემდეგ კი წლების მანძილზე ორმო და მიტოვებული მშენებლობა, შპს „მაგთის“ და შესაბამისად, გია ჯოხთაბერიძის საკუთრებაშია.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მუზეუმში გია ჯოხთაბერიძის მიერ წლების მანძილზე შეგროვილი ქართველი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინება. პროექტის ერთ-ერთი არქიტექტორის განცხადებით, მის დამკვეთს კოლექციაში 10 ათასზე მეტი ტილო აქვს. კომპანიის ჟურნალის ერთ-ერთ ნომერში გია ჯოხთაბერიძე აცხადებს, რომ მუზეუმში 30 დარბაზი და სამი კიბის უჯრედის დიდი სივრცე იქნება, იმუშავებს რამდენიმე რესტორანი, სპორტული დარბაზი, აუზები. „მუზეუმის არსებობა და შენახვა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და ეს, პირობითად „დამხმარე ობიექტები“ - ავტოსადგომი, რესტორნები, სპორტული დარბაზი და აუზი - სწორედ ამ საქმეს მოემსახურება“, - ამბობს გია ჯოხთაბერიძე.

პროექტის საინვესტიციო ღირებულებისა და დასრულების ვადების შესახებ ინფორმაცია კი ამ დრომდე ბუნდოვანია.